“ვისაუბრეთ, თუ როგორ ვითარდებოდა და ყალიბდებოდა პოლიტიკური გარემო საქართველოში“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი,  ჰაიკე ფაიჩი  მიიღო.

შეხვედრაზე, ევროპაში მიმდინარე პროცესებზე, საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე, ასევე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე ისაუბრეს. გიორგი ვოლსკიმ მადლობა გადაუხადა ელჩს გერმანიის მხრიდან საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაში შეტანილი წვლილისთვის.

მხარეებმა, საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები მიმოიხილეს და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გააქტიურებაზე შეთანხმდნენ.
გიორგი ვოლსკის თქმით, სტუმარი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობით და მედიის, მათ შორის რუსთავი 2-ის საკითხებით, დაინტერესდა.

ელჩთან შეხვედრისას ვისაუბრეთ ევროპაში მიმდინარე პროცესებზე, საქართველოს პოლიტიკის მთავარ მიმართულებებზე, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობისა და მედიის საკითხებზე, მათ შორის, რუსთავი 2-ის თემაზე. ვისაუბრეთ, თუ როგორ ვითარდებოდა და ყალიბდებოდა პოლიტიკური გარემო საქართველოში“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. მისივე თქმით, მივიღეთ ტრადიციული პირობა იმისა, რომ გერმანია მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, მათ შორის ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე.