მერიის შუამდგომლობით, ბანკებმა დაზარალებულების სესხის გადახდის 6 თვით გადავადების პროცესი დაიწყეს

თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე და მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე  „ბავშვთა სამყაროში“  ხანძრით დაზარალებულების სესხების რესტრუქტურიზაციის საკითხზე კომერციული ბანკების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრას დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი, თავად დაზარალებულები, მეწარმეები, საქართველოს ბანკების ასოციაციის, მსხვილი კომერციული ბანკებისა და სხვა საკრედიტო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მერის მოადგილეებმა ბანკების წარმომადგენლებისგან მოისმინეს ინფორმაცია მათ მიერ  სესხების რესტრუქტურიზაციის   მიმართულებით   გაწეულ მუშაობაზე. ხანძრის შედეგად, თბილისის მერიის ინიციატივითა და შუამდგომლობით, კომერციულმა ბანკებმა დაზარალებულების საბანკო ვალდებულებების გადავადების გადაწყვეტილება მიიღეს და მათთვის სესხის გადახდის 6 თვით გადავადების პროცესი დაიწყეს.

მერიის წარმომადგენლების მხრიდან შეხვედრაზე დასმული იქნა ახალი პრობლემური საკითხებიც, რომელიც დაკავშირებულია დაზარალებულების საბანკო ვალდებულებების შემსუბუქების სხვა ღონისძიებებთან.  ბანკებმა დაზარალებული მსესხებლებისთვის შეღავათიანი რეჟიმის ინდივიდუალურ პირობებში გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს.

„დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ მოვისმინეთ ინფორმაცია ამ პერიოდში ბანკების მიერ განხორციელებული რესტრუქტურიზაციის პროცესის შესახებ, რომელიც ეხება დაზარალებულებისთვის სასესხო ვალდებულებების შემსუბუქებას. ბანკებმა წარმოადგინეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ მათი პორტფელის რა ნაწილი იქნა რესტრუქტურიზებული. ჩვენი მხრიდან ასევე დასმული იქნა ახალი პრობლემური საკითხები, მათ შორის,  ახალი რესურსის  მოძიების საკითხი. ბანკები მზად არიან, თითოეულ მათგანთან ინდივიდუალურ რეჟიმში განიხილონ  ეს შესაძლებლობები“- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.