სოხუმში ისტორიული მემკვიდრეობის „თურქული აბანოების“ ნგრევა განახლდა (ვიდეო)

ოკუპირებულ სოხუმში ამ დილიდან განახლდა 1913 წელს აგებული ისტორიული შენობის თურქული აბანო „სტამბულის“ ნგრევა. უნდა ითქვას, რომ ოკუპირებული აფხაზეთის კულტურის სამინისტრომ ნგრევაზე უარი განაცხდა და 7 მარტს პროცესი შეჩერდა.

6 მარტს დაიწყო ისტორიული შენობის ნგრევა, მაგრამ ადგილზე მივიდნენ ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის წარმომადგენლები და გააპროტესტეს, მათ მიმართეს პროკურატურას და 7 მარტს შეწყდა შენობის ნგრევა.

დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი ინალ ჯოპუა აცხადებს, რომ სანამ საქმე პროკურატურაშია და მიმდინარეობს მოკვლევა, ნგრევა შეჩერებული უნდა იყოს, მაგრამ მიუხედავად ამისა, 11 მარტს შენობის დემონტაჟი განახლდა.  მისივე თქმით, ეს ისტორიული შენობა ქალაქის უნიკალური არქიტექტურის ნიმუშია და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ამტომ შენობის დემონტაჟი არის ვანდალიზმი.