ირაკლი კობახიძე პროგრესული ალიანსის გამგეობის წევრად აირჩიეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პროგრესული ალიანსის გამგეობის წევრად აირჩიეს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით,მისი  გამგეობის წევრად არჩევა პარტია „ქართულ ოცნებას“ საერთაშორისო კავშირების გაღრმავებასა და ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე უკეთ წარდგენაში შეუწყობს ხელს.

„დღეს ჩატარდა პროგრესული ალიანსის გამგეობის არჩევნები. მე ამ გამგეობის წევრად ამირჩიეს. გარდა ამისა, გამგეობის წევრები არიან ძალიან მაღალი თანამდებობის პირები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, ესენი არიან: მარტინ შულცი – გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე და კანცლერობის კანდიდატი, ასევე, შვედეთის პრემიერ მინისტრი, სტეფან ლოფენი, პორტუგალიის პრემიერ მინისტრი, ანტონიო კოშტა და ა.შ. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პატივია ამ ორგანიზაციის გამგეობის წევრობა. „ქართულ ოცნებას“ ეს დაეხმარება საერთაშორისო კავშირების შემდგომ გაღრმავებაში და ასევე, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დაგვეხმარება, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო კარგად წარვადგინოთ საერთაშორისო დონეზე“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

პროგრესული ალიანსი მსოფლიოს სოციალ-დემოკრატიული და სხვა პროგრესული პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების გაერთიანებაა. მასში მსოფლიოს სხვადასხვა  რეგიონის 120-მდე ორგანიზაციაა გაერთიანებული.

პარტია „ქართული ოცნება“ პროგრესულ ალიანსის ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქტიური წევრია.