პატიმრობის კოდექსში შესატანი ცვლილებები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი და მისი თანმდევი პროექტები.

საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობისათვის დამატებითი მექანიზმების დანერგვას, მსჯავრდებულების უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობისა და მსჯავრდებულთა გათავისუფლებისათვის მომზადების პენიტენციური დაწესებულების შექმნას, მსჯავრდებულთა სასჯელის მოხდისგან ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის დახვეწას, პენიტენციური დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე მართლსაწინააღმდეგო ქმედებების აღკვეთისა და პენიტენციური დაწესებულებების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფას.

საკითხი სხდომაზე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა წარმოადგინა. მისი განცხადებით, ცვლილებები შემოთავაზებულია იმისთვის, რომ გაგრძელდეს სტრატეგიული რეფორმა, რომელიც დაწყებულია 2012 წელს პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებების უფრო მეტად უზრუნველყოფისა და სტანდარტების შესაბამისობაში მოყვანის თვალსაზრისით. „ეს ის საკითხებია, რომელიც განხილული გვქონდა ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ მიღების შემთხვევაში, უფრო მაღალ საფეხურზე დააყენებს პენიტენციურ სისტემაში დაწყებულ უფლებების უზრუნველყოფის პროცესს“, – აღნიშნა კახა კახიშვილმა.

კანონპროექტით გათვალისწინებული არსებითი ხასიათის ცვლილებას განეკუთვნება გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების შექმნა, რომელიც გათავისუფლებისთვის მოამზადებს დაბალი ან საშუალო რისკის იმ მსჯავრდებულებს, რომელთა მოსახდელი თავისუფლების აღკვეთის ვადა არ აღემატება 6 თვეს.

გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს, დეპარტამენტის დირექტორის ნებართვით, შესაძლებელია მიეცეს უფლება დროებით დატოვოს პენიტენციური დაწესებულება, გარკვეული პირობებით. გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულების დროებით დატოვება მსჯავრდებულს შეეძლება, თუკი იგი მუშაობს, სწავლობს ან სურს არასამუშაო დღეების დაწესებულების გარეთ გატარება. კანონპროექტი ითვალისწინებს სამუშაო დღეებში მსჯავრდებულის მიერ გარკვეული საკითხების მოსაგვარებლად დაწესებულების დროებით დატოვების შესაძლებლობასაც, თუმცა ეს ვადა ერთი კვირის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 3 დღე–ღამეს.

კანონპროექტით, ასევე, გათვალისწინებულია შესაბამისი მექანიზმები იმ შემთხვევისთვის, როდესაც მსჯავრდებული არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.

მეორე მნიშვნელოვანი ცვლილება ითვალისწინებს დარჩენილი სასჯელის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით – შინაპატიმრობით შეცვლას. კანონპროექტის თანახმად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს ენიჭება უფლებამოსილება, მსჯავრდებულის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში და კანონით განსაზღვრული საშეღავათო პერიოდის მოხდის შემდეგ, დარჩენილი სასჯელი შეუცვალოს უფრო მსუბუქი სახის სასჯელით – შინაპატიმრობით.
შემოთავაზებული ცვლილებებით ხდება საოჯახო პაემანთან დაკავშირებული რეგულაციების გადახედვა. კანონპროექტის თანახმად, საოჯახო პაემნით, ქალი მსჯავრდებული ისარგებლებს მხოლოდ პენიტენციური დაწესებულების დირექტორის წარდგინებითა და პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ნებართვის შემთხვევაში.

კანონპროექტის თანახმად, განსხვავებულად რეგულირდება ტელევიზორით სარგებლობის საკითხი, კერძოდ გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს, ასევე, დაბალი რისკის დაწესებულებასა და ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს, ენიჭებათ უფლება ყოველგვარი ნებართვის გარეშე შეიძინონ პირადი ტელევიზორი და რადიომიმღები. პატიმრობის დაწესებულებაში, ასევე განსაკუთრებული რისკისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს, დაწესებულების დირექტორის ნებართვით შეიძლება მიეცეს შეიძინოს პირადი ტელევიზორი და რადიომიმღები.

საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, ავადმყოფობის გამო გათავისუფლების უფლება ექნება მხოლოდ სასამართლოს, რომელიც სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლებს მსჯავრდებულს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუსაბამოა სასჯელის მოხდასთან და ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მსჯავრდებულის გამოჯანმრთელება ან/და ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება არ არის მოსალოდნელი. გარდა ამისა, საკითხის განხილვისას სასამართლოს მიერ, გათვალისწინებულ უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულების მიზანშეწონილობა, მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები, წარსულში ჩადენილი დანაშაული, დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევა და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა. შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად, მსჯავრდებულს, რომელიც განთავსებულია გათავისუფლებისათვის მომზადების ან დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, უფლება ექნება ისარგებლოს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების უფლებით.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ქალ მსჯავრდებულს, რომელსაც დაწესებულებაში 3 წლამდე ბავშვი ჰყავდა და 3 წლის ასაკის მიღწევის გამო ბავშვმა დატოვა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, მიეცემა უფლება, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით, ბავშვის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში, უქმე დღეებში (შაბათ-კვირა) დატოვოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა განმარტა, აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს სამი წლის ასაკის მიღწევის გამო, ბავშვის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დატოვებისას მის გარესამყაროსთან შეგუებას და დედასთან განშორების დროს მინიმუმამდე დაიყვანს ბავშვის ტრავმირებას.

კახა კახიშვილმა განაცხადა, რომ მოქმედი კანონმდებლობით, 15 წლის სასჯელის მოხდის შემდეგ უვადო მსჯავრდებულს უფლება აქვს მიმართოს ადგილობრივ საბჭოს სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის მოთხოვნით. მისივე თქმით, შემოთავაზებული ცვლილებებით აღნიშნულ შემთხვევებში უვადო მსჯავრდებულს უფლება ექნება მიმართოს უკვე სასამართლოს და არა ადგილობრივ საბჭოს, რაც უფრო მაღალი სტანდარტია. როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა აღნიშნა, იმ უვადო მსჯავრდებულებს, რომლებიც 20 წლის სასჯელს მოიხდიან, უფლება ექნებათ მიმართონ სასამართლოს და მოითხოვონ გათავისუფლება.

კახა კახიშვილმა კომიტეტის წევრებს დეტალურად გააცნო საკანონმდებლო პაკეტით შემოთავაზებული ცვლილებები და მათ შეკითხვებსაც უპასუხა. მისივე თქმით, სამინისტრომ სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ცვლილებების ნაწილი გაიზიარა. ცალკეულმა დეპუტატებმა სხვადასხვა ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს, თუმცა როგორც საპრლამენტო უმცირესობის წევრება, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა წარმოდგენილი ცვლილებები პოზიტიურად შეაფასეს.

კომიტეტმა საკანონმდებლო პაკეტის განხილვის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კენჭისყრას მომდევნო სხდომაზე ჩაატარებს, მანამდე კი, ცალკეული ცვლილებების ფორმულირებები დაზუსტდება.