„უყურადღებოდ არ დავტოვებთ ქართული (სახელმწიფო) ენის დაცვისა და განვითარებაზე ზრუნვის თემას“

გია მურღულია

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა ასოციაცია დაფუძნებულია. გვეხმაურებიან მთელი საქართველოდან და გაწევრიანების მსურველთა რიცხვი საკმაოდ დიდია – ყველა თქვენგანს დიდ მადლობას მოვახსენებ თანამშრომლობისა და ასოციაციის საქმიანობასა თუ შემოთავაზებულ სერვისებში ჩართულობის სურვილისთვის. რამდენიმე დღე დაგვჭირდება საიმისოდ, რომ ყველა ორგანიზაციული საკითხი გადავწყვიტოთ, რის შემდეგაც პირველ შეხვედრას დავნიშნავთ თბილისში, ხოლო მოგვიანებით – იმ რეგიონებში, რომლებშიც მეტ-ნაკლებად ბევრი წევრი გვეყოლება. ამ შეხვედრებზე წარმოგიდგენთ ასოციაციის წესდებას, სამოქმედო პროგრამას, განსახორციელებელ პროექტებსა და სამომავლოდ განსახილველ იდეებს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე (რაც გულისხმობს, როგორც კრედიტქულების დაგროვებისთვის ტრენინგებით ხელშეწყობას, ისე ლიტერატურისა და ენის საკითხების უფრო ღრმა გააზრებასა და სწავლების მრავალფეროვანი მეთოდების დაუფლებას). თუმცა, გარდა ამისა, აუცილებლად გვესახება მუდმივმოქმედი და ასევე მრავალფეროვანი დისკუსიების, დიალოგების, განხილვების, სემინარებისა და მიზნობრივი შეხვედრების ჩატარება, რათა ყოველი ჩვენგანისათვის ლიტერატურა პერმანენტულად ცოცხალი სამყარო იყოს და რუტინად არ იქცეს.

მასწავლებლობა არ არის მხოლოდ პრაგმატული საქმიანობა მეტ-ნაკლები (უფრო ნაკლები, ვიდრე მეტი) შემოსავლის უზრუნველსაყოფად. ეს მუდმივი პიროვნული და პროფესიული განვითარებაა – ვერაფერს ასწავლი სხვას, თუ თავად არ სწავლობ ყოველდღე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონებში ასოციაციის ორგანიზაციული ლიდერები გამოიკვეთონ – ველით თქვენს წინადადებებს ამ კუთხით.

ჩვენი ასოციაცია, ასევე, დიდი ენერგით ჩაერთვება ყველა იმ საკითხის განხილვა-შეფასებაში, რომელიც მნიშვნელოვანი და აქტუალურია ლიტერატურისა და ენის სწავლების თვალსაზრისით. ეს შეეხება, როგორც ეროვნულ სასწავლო გეგმას, ისე საგნობრივ სტანდარტებს, პროგრამებსა და სახელმძღვანელოებს – ბეჭდურსაც და ელექტრონულსაც.

უყურადღებოდ არ დავტოვებთ ქართული (სახელმწიფო) ენის დაცვისა და მის განვითარებაზე ზრუნვის თემას, რომელზეც რამდენიმე თქვენგანმა უკვე სამართლიანად მიგვანიშნა. მოკლედ, ჩვენ ვიწყებთ. გავაძლიეროთ ერთმანეთი და ამით უკეთ შევასრულოთ ჩვენი საერთო საქმე. ძალა გონიერ ერთობაშია”.

ყურადღება!

ასოციაციის წევრობის მსურველებს საკუთარი განცხადება-მონაცემები (სახელი, გვარი, სკოლა, მისამართი, ტელეფონი) შეუძლიათ გაგზავნონ მეილზე – gmurgulia@hamilton.edu.ge