“აფხაზ დამნაშავეებს ილუზია არ ჰქონდეთ, რომ ქართველი კაცის მოკვლა თავისუფლად შეიძლება!”

გიგა ოთხოზორიას დედა ინტერპოლის მიერ მისი შვილის მკვლელის ძებნის გამოცხადებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.

ჯულიეტა ჭანტურია ფიქრობს, რომ რუსეთი საერთაშორისო საგამოძიებო სამსახურს არ დაემორჩილება და რაშიდ კანჯიოღლის არ დააკავებს.

ოთხოზორიას დედა აცხადებს, რომ მკვლელი აფხაზეთში ამ დრომდე თავისუფლად გადაადგილდება.

ჯულიეტა ჭანტურია გამოძიებით უკმაყოფილოა და იმ პირების პასუხისგებაში მიცემასაც ითხოვს, რომელებიც კანჯიოღლის ახლდნენ და პროკურატურის საქმეში ჯერ კიდევ არ ფიგურირებენ.

ჩემი აზრით, ეს დაგვიანებული გადაწყვეტილებაა. უფრო ადრე რომ ყოფილიყო გამოცხადებული ინტერპოლით ძებნა, შესაძლოა, შედეგიც მიღწეული ყოფილიყო. ეს გადაწყვეტილება რუსებისთვის დამაბრკოლებელი არ იქნება. თავად აფხაზები ინტერპოლით ძებნას რამდენად გაითვალისწინებენ და რამდენად ხელმისაწვდომი იქნება ქართული მხარისთვის მისი დაკავება, არ ვიცი. ღმერთმა ქნას, ჩემი შვილის მკვლელი დაიჭირონ, დაისაჯოს, რათა აფხაზ დამნაშავეებს ილუზია არ ჰქონდეთ, რომ ქართველი კაცის მოკვლა თავისუფლად შეიძლება.

ეს უბრალოდ სახელმწიფოებრივი ღირსების საკითხია და მეტი არაფერი. ჩვენთან გადამთიელები მოვიდნენ და საზღვარი გაგვივლეს, თავისუფლად არ უნდა გადმოდიოდნენ ამ საზღვარზე და ასე თავისუფლად არ უნდა კლავდნენ ქართველს“ – აცხადებს ჭანტურია.