“ცხადად მახსოვს 1990 წლის მარტის თვის ის გაცისკროვნებული ღამე…”

ლაშა ჟვანია

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წელი შესრულდა!

ყველას გილოცავთ და განსაკუთრებით, ამ დღის აღიარებისთვის მუხლჩაუხრელად მებრძოლ და დაუღალავ ჩემს პატრიარქს!

ცხადად მახსოვს 1990 წლის მარტის თვის ის გაცისკროვნებული ღამე, როდესაც აეროპორტის ადმინისრაციამ კონსტანტინეპოლიდან მოსკოვის გავლით მომავალ, იმ დღეს უკვე მსოფლიო საპატრიარქოს მიერ დოკუმენტალურად აღიარებული ტიტულით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დასახვედრად აეროპორტში მისულ დაახლოებით სამოცამდე ადამიანს ნება დაგვრთო აეროპორტის ტერიტორიაზე შევსულიყავით და მის უწმიდესობას ტრაპთან დავხვედროდით. ღამე იყო, მოწმენდილი ციდან ვარსკვლავების და მთვარის შუქით მკრთალად განათებული თბილისის აეროპორტის ტერიტორიას, ღირს-არსის გალობით დანთებული ჩვენი სანთლების შუქიც ემატებოდა. ყველა სიხარულით ვიყავით აღვსილი. ყველაზე ახალგაზრდა მე ვიყავი მგონი მათ შორის. თვითმფრინავ ტუ-154-ის კარი გაიღო და კარის მიღმა კუნკულ-ბარტყულით, სადღესასწაულოდ შემოსილი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი გამოჩნდა. თვითმფრინავის ილუმინატორიდან უკვე დაუნახივართ და ამიტომ სიხარულით სავსე ჰქონდა სახე, სრულად ბრწყინავდა, გრძელი მგზავრობა არც ეტყობოდა. ჩვენ ტრაპთან მივირბინეთ, დავიჩოქეთ და გახარებული და ღვთისადმი მადლიერებით სავსე უწმიდესის კურთხევას დაველოდეთ. აი დიდი გრაგნილიც ამოისვეტა უნეტარესის უკან მომავალი ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის ხელში, იქვე მეორე გრაგნილიც გამოჩნდა ჰაერში აწეული ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტთან ერთად. რამოდენიმე წლის შემდეგ, მისი უწმიდესობა მოგვიყვება, რომ მღვდელმთავრებს გული რომ არ დასწყვეტოდათ თვითმფრინავიდან გამოსვლისას ავტოკეფალიის სიგელი ერთს, ხოლო პატრიარქის ტიტულის აღიარებისა – მეორეს დააკავებინა ხელში. ყველანი ცალ-ცალკე დაგვლოცა და გვაკურთხა, რომ სიონის საკათედრო ტაძარში წავსულიყავით, რათა მადლობა შეგვეწირა უფლისათვის. გვიან ღამით სიონის ზარები შეეგებნენ კათალიკოსს და ტაძარში შესულმა, საკურთხეველს მიაშურა, ტრაპეზს ეამბორა, გამობრძანდა, ბრძანა, რომ ისტორიული დღე იყო და სამადლობელი პარაკლისი აღავლინა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიმართ. სიონში განსვენებული კათალიკოს-პატრიარქებიც ხარობდნენ მასთან ერთად და მთელი ზეციური საქართველოც. ყველა ვხარობდით მის გარშემო.

რომ ვთქვა სრულად მქონდა გასისხლხორცებული იმ ორი გრაგნილის მნიშვნელობა, რომელიც მისმა უწმიდესობამ ჩამოაბრძანა, არ ვიქნები მართალი. მგონი სრულად, დღესაც არ მესმის მათი მნიშვნელობა…

იმ ღამით ყველაზე მეტად მისი უწმიდესობის სიხარული მიხაროდა და ამის შემდგომ სხვა ყველაფერი ერთად. მიხაროდა გახარებული პატრიარქი ჩემი, რომლის სახე მანამდე, 9 აპრილის გამო, მთელი წლის განმავლობაში, უფრო მეტად გულჩათხრობილი მახსოვდა, ვიდრე გაღიმებული. მიხაროდა, რომ მას ასე უხაროდა! მიხაროდა მისი გაცისკროვნებული თვალები და ვხედავდი რომ კიდევ უფრო მეტი ენერგიით იყო სავსე, ვიდრე მანამდე.

რამდენი უძილო ღამე და სისხლნარევი ცრემლი გაქვს ჩემო უწმიდესო დაღვრილი ამ დღისთვის. რამდენი დაბრკოლება გადალახული და რამდენი ბრძოლა მოგებული. შიდა თუ გარე მტრების რამდენი ისარი არიდებული. რამდენი გესლი მიღებული, რამდენი შური და რამდენი მტრობა გადალახული. და ეს ყველაფერი გამჩენის, შენი სამწყსო სრულიად საქართველოს და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ უკიდეგანო სასოების, მატერიალურად განუზომელი სიყვარულის და იმ პასუხისმგებლობის წყალობით, რომლის განცდაც ერთი წამითაც არ დაგიტოვებია. არასოდეს ყოფილა ისტორიული მიტრა შენთვის დიდების გვირგვინი და არც მოწამე კათალიკოსების ნაქონი, ძვირფასი ქვებით მოჭედილი ჯვარ-პანაღია – სხეულის გასამშვენებელი. არც კვერთხი და სამღვდელმთავრო შესამოსელი – პატივის მიღების საფუძველი. ყველა ატრიბუტი, რომლებსაც უკვე 55 წელია, როგორც მღვდელმთავარი და თითქმის 40 წელია, როგორც დაუღალავი მოღვაწე პატრიარქი, თავმდაბლად და მორიდებით ატარებ, გახსენებენ სვეტიცხოველში 40 წლის წინ სულიწმიდით გაჟღენთილი შენი წრფელი გულიდან აღმოთქმულ სიტყვებს: “მე შეგნებული მაქვს ის უმძიმესი და ამავე დროს საპატიო მოვალეობა, რომელიც დღეს, ღვთის ამ წმიდა ტაძრის თაღებ ქვეშ დამაკისრა მაღალმა ღმერთმა”!…

მ რ ა ვ ა ლ ჟ ა მ ი ე რ  ჩ ე მ ო  პ ა ტ რ ი ა რ ქ ო !

ყველას მოყვარულ და მზრუნველ შენს ჩვილ გულზე გამავალი იარის – გახლეჩილი ტიტულის – ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტობის დე-ფაქტო აღდგენისა და გაბნეული ცხვრების შენი წმიდა ომოფორის ქვეშ დაბრუნებასაც მოვესწრებით შენი და შენი მშობელი საქართველოს მფარველი დედა ღვთისმშობლისა და ყოველთა ქართველთა წმინდანთა მეოხებით ყველანი, შენი ტკბილი სამღვდელმთავრო ლოცვა-კურთხევით და ღვთისათვის სათნო, სრულიად საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საჭეთმპყრობლობით!!!

ა მ ი ნ !