ვეხმიანები გენერლების, დავით თევზაძის და გურამ ნიკოლაიშვილის მოსაზრებებს

ბლოგი

ამირან სალუქვაძე

ბრიგადის გენერალი

დაპირებისამებრ ვეხმიანები გადაცემა “Si Vis Pacem”-ის ბოლო გამოშვებაში გენერალ დავით თევზაძის და გენერალ გურამ ნიკოლაიშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს.

პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ სახელმწიფოში ასეთი მცოდნე და გამოცდილი ადამიანები, საზოგადო მოღვაწეები, უფრო მეტად მოთხოვნადი უნდა იყვნენ.

გავაგრძელებ რეზერვის კონცეფციით და მისი განხილვის პროცესით.

ვესწრებოდი ორ განხილვას, რომლებიც გაიმართა თავდაცვის სამინისტროში საექსპერტო წრეების და მესამე სექტორის ცალკეულ წარმომადგენლებთან ერთად და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში.

პირველ განხილვაზე ათამდე კითხვა და შენიშვნა მქონდა. რამდენიმე მოსაზრება გამოვთქვი პარლამენტში გამართულ განხილვაზეც. გამოვყოფ რამდენიმე მათგანს:

1. რეზერვის მომზადების ტემპები და მისი მოცულობა არ შეესაბამება საერთაშორისო ვითარებას და სახელმწიფოს წინაშე არსებულ საფრთხეებს.
აბსოლუტურად არანირი წინააღმდეგობა არ უდგას წინ იმას, რომ წელსვე დავიწყოთ რეზერვში გაწვევა ძველი კანონმდებლობის საფუძველზე. თავდაცვის სამინისტროს მხოლოდ მომზადების პროგრამის შეცვლა მოუწევს. საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ პრობლემა არ იქნება მომზადებული კონტიგენტის ჩარიცხვა რეზერვის იმ სახეობებში, რომლებიც ახალი კონცეფციით და საკანონმდებლო ცვლილებებით დამტკიცდება.

ასევე, წელს თავდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება სავალდებულო სამსახურში წვევამდელთა გაწვევის შესახებ, რაც რეზერვის მომზადების ერთ-ერთი ეფექტიანი გზაა. ამ საკითხში სრულიად ვეთანხმები გადაცემაში გამოთქმულ მოსაზრებებს.

2. ორთავე განხილვაზე გამოვთქვი, რომ ჩვენს არმიაში ფაქტიურად მოშლილია სამხედრო მოსამსახურეთა სამედიცინო უზრუნველყოფის სისტემა. უზრუნველყოფის ამ უმნიშვნელოვანესი სახეობის მოშლა დაიწყო, როცა გაუქმდა თბილისის სამხედრო ჰოსპოტალი. სამხედრო მოსამსახურეთა ჯანმრთელობაზე კონტროლი წლებია აღარ ხორციელდება.

მკითხველს მინდა განვუმარტო, რომ სამედიცინო უზრუნველყოფა მხოლოდ ავადმყოფთა და დაჭრილთა მკურნალობას არ მოიცავს. ძალიან მნიშვნელოვანია ოფიცერთა და სხვა კატეგორიის მომსახურე პერსონალის ჯანმრთელობის კონტროლი, იძულებითი დისპანსერიზაცია და მკურნალობა.

რატომ წამოვწიე ეს საკითხი რეზერვთან მიმართებაში? სახელმწიფო სამხედრო მოსამსახურის მომზადებაზე ხარჯავს დიდძალ თანხებს. შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ გავუფრთხილდეთ მათ ჯანმრთელობას, რათა მათ შეძლონ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იმსახურონ და თადარიგში/რეზერვში ჯანმრთელები ჩაირიცხონ.

გვაქვს იმედი, რომ რეზერვში გარკვეული რაოდენობის მომზადებული კონტიგენტია. სინამდვილეში კი მათი ნაწილის ჯანმრთელობა უკვე აღარ შეესაბამება მოთხოვნებს. ჯანმრთელობის კონტროლი არ არსებობს, რეზერვის ასაკს კი ვზრდით 55 წლამდე.

3. უკეთესი იქნებოდა პარლამენტში განხილვამდე შექმნილიყო სამთავრობო უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელსაც უნდა განეხილა არა მხოლოდ რეზერვის, არამედ მთლიანად სახელმწიფოს სამობილიზაციო მომზადების საკითხი, რადგან რეზერვი მხოლოდ ნაწილია მობილიზაციის და ეს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს პრობლემა არაა. ეს საკითხიც გაჟღერებული იქნა როგორც განხილვებზე, ასევე ინტერვიუებშიც.

4. კითხვა დავსვი მონაცემთა ბაზებთან დაკავშირებით, რადგან გაჟღერდა, რომ ასეთი ბაზები არ არსებობს. ამ საკითხს არ ჩავუღრმავდები. მგონი არსი გასაგებია.

5. კითხვები მქონდა ხარჯებთან დაკავშირებითაც. ითქვა მაქსიმალური ეფექტიანობა მინიმალური დანახარჯებით, რაც ბუნებაში შეუძლებელია. მაქსიმალური დანახარჯებით მინიმალური ეფექტიანობა შეიძლება, პირიქით არა. არსებობს რაციონალური გადაწყვეტილების მიღების თეორია, რაც სულ სხვა რამეა, არ ჩავუღრმავდები. ასევე კარგადაა გასააზრებელი ანაზღაურების საკითხებიც.

6. კონცეფციის პრეზენტაციისას არ გაჟღერებულა თუ რა მოცულობის რეზერვის ესაჭიროება შეიარაღებულ ძალებს. თუ ღიად ვასახელებთ იმ ციფრს, რომ 10 წელიწადში რა რაოდენობის რეზერვისტს მოვამზადებთ, არანაირი პრობლემა არაა საჭიროებაც დავასახელოთ. თუმცა ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ ასეთი პერსპექტიული დაგეგმვა გათვლებზე იყოს დაყრდნობილი.

როგორც მიპასუხეს ასეთი გათვლები არსებობს. თუ ასეთი გათვლები არსებობს, მაშინ კითხვა ისმის გათვლების თანახმად უფრო მეტი რეზერვისტი გვჭირდება, თუ დაგეგმილი 12 ათასი საკმარისია?

თუ მეტი გვესაჭიროება, მაშინ როცა თავდაცვის კომიტეტში გაგვაქვს საკითხი, დეპუტატებს უნდა განვუცხადოთ, რომ ეს რაოდენობა არასაკმარისია და საჭიროა დაფინანსების გაზრდა ან სხვა გზების გამონახვა.

7. ასევე გამოვთქვი მოსაზრება, რომ არმიის რეფორმებში შეძლებისდაგვარად ჩართონ თადარიგში მყოფი ორმოცამდე გენერალი და ათობით კვალიფიციური ოფიცერი, რომლებიც ყოველთვის არიან მზად თავიანთი გამოცდილება მოახმარონ შეიარაღებულ ძალებს. მინისტრის მოადგილის მხრიდან ამ ინიციატივასთან დაკავშირებით დადებითი რეაქცია იყო.

8. მქონდა კითხვა ტერიტორიულ პრინციპთან დაკავშირებით და გამოვთქვი მოსაზრება, რომ რეზერვის ამ სახეობას სახელწოდება შევუცვალოთ. ტერიტოიულ პრინციპთან დაკავშირებით სრულიად ვეთანხმები ბატონ დავითს. მისი მინისტრობის დროს ორი ტერიტორიული ბატალიონი იყო შექმნილი, კოდორი და ბარისახო. იგეგმებოდა შემდგომში ამ მიმართულებამ განვითარება აღარ ჰპოვა. პირიქით, ორთავე ბატალიონი გაუქმებული იქნა

უფრო სიღრმისეული მსჯელობა დიდ აუდიტორიასთან განხილვის დროს ძალიან რთულია, რადგან თითქმის ყველა დამსწრე სვამს კითხვას და აუდიტორია ძალიან იღლება. ამავე დროს თვითონ კონცეფცია თავისი შინაარსით ზოგადი დოკუმენტია. ღრმა შეფასება და ანილიზი შესაძლებელია თუ უფრო დეტალური დოკუმენტების განხილვა მოხდება.

მთლიანობაში, ადგილზე დგომას მოძრაობა სჯობია და ზოგადად ყოველთვის მივესალმები კონცეპტუალურ და პრგრამულ მიდგომებს.

ეს ყველაფერი იმისათვის აღვწერე, რომ გენერლებს, ოფიცრებს, საექსპერტო საზოგადოებას წარმოდგენა ჰქონდეთ, თუ რა საკითხები გავაჟღერე განხილვებისას.

ასევე სრულად ვიზიარებ გადაცემაში გაჟღერებულ მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის ოფიცერთა მომზადება უნდა მოხდეს მხოლოდ საქართველოში, გადამზადება ან განათლების დონის ამაღლება – საზღვარგარეთ.

ოფიცრის მომზადება არ შეიცავს მხოლოდ სამხედრო სპეციალობის სწავლებას. სამხედრო სპეციალობასთან და ზოგად უმაღლეს განათლებასთან ერთად მან უნდა მიიღოს პატრიოტული აღზრდა, რაც მხოლოდ საკუთარ კედლებშია შესაძლებელი.

გადაცემაში ბატონი გენერლები საუბრობდნენ ფუნქციების აღრევაზე შეიარაღებულ ძალებთან მიმართებაში. დავამატებ შემდეგს. პრობლემები დაიწყო 2004 წლიდან, როცა სამოქალაქო მინისტრები ფაქტიურად სამხედხრო მინისტრების ფუნქციებს ასრულებდნენ და უშუალოდ ახორციელებდნენ შეიარაღებული ძალების მართვას. ამას მოჰყვა ათასობით ოფიცრის ჯარიდან გაყრა. შედეგები ვიხილეთ. დღევანდელი საკადრო კრიზისი, ფუნქციების აღრევა, ქრონიკული რეორგანიზაციების და უთავბოლო რეფორმების მოდა საძირკველს სწორედ იქედან იღებს, როცა სამოქალაქო პირი, რიგითი, იწყებს არმიის მშენებლობას და მისი ყოველდღიური საქმიანობის მართვას საკადრო პოლიტიკიდან დაწყებული სამხედრო ტექნიკის შესყიდვებით დამთავრებული.

რაც შეეხება უმაღლესი მთავარსარდლის საკითხს, შესამუშავებელია ისეთი ვარიანტი იმ პოლიტიკური მოდელიდან გამომდინარე, რომელიც იმოქმედებს სახელმწიფოში, რომ პოლიტიკური კრიზისების შემთხვევაში ჯარი არ იქცეს პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად. საპარლამენტო ქვეყნებში უმაღლესი მთავარსარდალია პრემიერი (კანცლერი), რითაც არცერთი ქვეყანა არ ინგრევა. ეს არაა პიროვნული საკითხი. არმია იმას უნდა ემორჩილებოდეს, ვისაც ხელთ უპყრია სააღმსრულებლო ფუნქციები, უფლება აქვს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობისათვის განკარგოს ფინანსები და სხვა სხვა სახელმწიფო რესურსები.

ბატონი დავით თევზაძე ისრაელის გამოცდილებას შეეხო, რაშიც სრულად ვეთანხმები. ჩვენს ქვეყანაში ყველას მოსწონს ის შედეგები, რომლებსაც ისრაელმა მიაღწია, თუმცა მისი გამოცდილების შესწავლა და დანერგვა არავის სურს, ან არ სძალუძთ. ვისაც დაგაინტერესებთ შეგიძლიათ ჩემი 9 წლის წინანდელი სტატია წაიკითხოთ, რომელიც აგვისტოს ომის წინ არსენალის რამდენიმე ნომერში გამოიცა (იხ.: ბმული: https://www.facebook.com/Amiran.Salukvadze/posts/430752357261657 ).

ასევე ვიზიარებ გადაცემაში გამოთქმულ მოსაზრებებს საზღვაო ფლოტთან და ავიაციასთან მიმართებაში. არმიის სტრუქურულ შემადგენლობასთან და განვითარებასთან დაკავშირებით დავამატებ შემდეგს.

ბევრჯერ დავწერეთ და გამოვთქვით უკვე, რომ საუბარი არაა მაინც და მაინც სუ-25-ების არსებობაზე. ყოველთვის იმ პოზიციაზე ვარ, რომ ეს არაა მცირე ჯგუფის გადასაწყვეტი საკითხი. უნდა შედგეს კვალიფიციური მსჯელობა. ვავითარებთ შვეულმფრენების პარკს? მაშინ განვავითაროთ. რომ არ ვავითარებთ? საჰაერო თავდაცვა? კითხვად დავტოვებ…

რატომღაც ისეთი განწყობაა შექმნილი, თითქოს რუსეთთან დაპირისპირების გარდა სახელმწიფოს წინაშე სხვა ამოცანები არ შეიძლება წამოიჭრას. მუსირებს მოსაზრებები, რომ ყველაზე სუსტები ვართ, მაინც ვერავის გავუკვლავდებით და ა.შ. ამ განწყობებს არ დავაბრალებდი წაგებული ომის სინდრომს. ამ სინდრომს არც არმია შეუპყრია და არც პოლიტიკური ხელმძღვანელობა. როგორც ერთ-ერთმა სამხედრო ჩინოვნიკმა მითხრა, ჩვენ ომი არ წაგვიგიაო.

ჩემი დამოკიდებულება იცით როგორც ავიაციასთან, ასევე ფლოტთან მიმართებაში, თუმცა კიდევ გავაკეთებ გარკვეულ აქცენტებს.

დავივიწყოთ ჩვენი გარემოცვა და მეზობლები. შესაძლებელია თუ არა ჩვენს ტერიტორიაზე ტერორისტული ჯგუფების შემოჭრა ან პანკისის მოვლენების მსგავსად დევნის ოპერაციის შესაბამისად ტერორისტული ჯგუფის (რაზმის) გადმოდევნა? სხვათაშორის სულ ახლახან ჩეჩნეთის ტერიტორიაზე განადგურებული იქნა 6 მებრძოლი, რომლებზეც პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

მსგავსი სცენარების შემთხვევაში სახელმწიფო რა ძალებით და როგორ აპირებს მოქმედებას? ამ თემასაც არ ჩავუღრმავდები გასაგები მიზეზების გამო.

ყველა ცუდი რაც მოხდა ავიაციის და ფლოტის დაშლით (რეფორმას ან რეორგანიზაციას ვერ დავარქმევ), ნადგურდება სკოლა, გამოცდილება, ის მონაპოვარი, რომელიც ჩვენს 90-იანების დასაწყისიდან შევქმენით.

ვერ დამისახელებთ წარმატებულ ქვეყანას, სადაც არ არსებობდეს სამხედრო-კვლევითი ინსტიტუტები, ცენტრები, სამხედრო მაღალჩინოსნებით დაკომპლექტებული უშიშროების საბჭო ან სხვა სათათბირო ორგანოები. ვერ დავასახელებთ ვერცერთ წარმატებულ არმიას, რომელიც თავის განვითარებას გრძელვადიანი პერიოდით არ გეგმავდეს (სტრატეგიული განვითარების მიმოხილვა არაა გრძელვადიანი დაგეგმვის დოკუმენტი. მიმოხილვა მიმოხილვაა). ამ თემაზეც ბევრჯერ დამიწერია და მოკლედ გავიმეორებ: იმ სცენარებიდან გამომდინარე, რომლებიც შესაძლოა განვითარდეს ჩვენს რეგიონში უნდა შევიმუშაოთ შეიარაღებული ძალების პერსპექტიული მოდელი, რომელიც უნდა დაეყრდნოს შესაბამის ოპერატიულ-ტაქტიკურ გათვლებს, მოდელირებას. შემუშავებული მოდელის განხორციელება უნდა დაიგეგმოს 5-10 წლით და გეგმაზომიერად მივყვეთ მის განხორციელებას. ახალს არაფერს ვიგონებ, ეს კლასიკაა და ისწავლება ყველა ნორმალურ უმაღლეს სამხედრო დაწესებულებაში.

ჩვენ ყოველთვის გვგონია, რომ ერთი-ორი წელი გვაქვს გადასაგორებელი და მერე ყველაფერი კარგად იქნება. ამ ფიქრებში კი რამდენიმე ომი გადავიტანეთ და მეოთხედი საუკუნეც გადავაგორეთ. თუ გვსურს, რომ კიდევ ბევრი საუკუნე გადავაგოროთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდება გამოცდილი გენერლებით და ოფიცრებით და პრემიერის ხელმძღვანელობით, უმაღლეს მთავარსარდალთან შეთანხმებით იმუშავებს შეიარაღებული ძალების კრიზისიდან გამოყვანის და განვითარების გეგმაზე.