” სამწუხაროა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან არავინ არ მოვიდა შეხვედრაზე, ვსაუბრობთ პრეზიდენტის არჩევის წესზე”

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, საერთაშორისო კონფერენციაზე „საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში“  სამ საკითხზე იმსჯელებენ – პრეზიდენტის არჩევის წესზე,  პარლამენტის არჩევის სისტემასა და  საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების მექანიზმებზე.

ეკა გიგაურმა აქვე განმარტა, რომ დისკუსიაში აღნიშნული საკითხები პირდაპირაა დაკავშირებული ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან. მისივე განცხადებით, კონფერენციაზე მოწვეულები  იყვნენ საქართველოს პრეზიდენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც, თუმცა, ისინი ღონისძიებას არ ესწრებიან.

„ ჩვენი სურვილი იყო, რომ ეს დისკუსია გასულიყო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებიდან და მოგვეწყო უფრო ფართო დისკუსია.  შევეცადეთ ამ დისკუსიაზე დაგვეძახა ყველა დაინტერესებული ჯგუფისთვის, აქ იქნებიან წარმოდგენილნი როგორც პარლამენტის წევრები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და ასევე, საერთაშორისო ექსპერტები. ასევე მოვიწვიეთ ამ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტი  ან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. სამწუხაროა, რომ ისინი ამ შეხვედრას არ ესწრებიან. საქართველოს პრეზიდენტს ჰყავს სტუმარი, როგორც იცით, ლატვიის პრეზიდენტია ჩამოსული, თუმცა, ძალიან სამწუხაროა, რომ ადმინისტრაციიდან არავინ არ მოვიდა ამ შეხვედრაზე, მით უმეტეს, რომ ვსაუბრობთ პრეზიდენტის არჩევის წესზე”,- აღნიშნა ეკა გიგაურმა.