„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ფორმატში ვიმსჯელოთ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით”

„ჩვენ ძალიან ახლოს ვართ იმ მიზანთან, რომელიც დაუსახა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას საქართველოს პარლამენტმა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, საერთაშორისო კონფერენციაზე – „საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში“ სიტყვით გამოსვლისას  განაცხადა.  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ღონისძიების ორგანიზატორებს და დონორ ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა.

ირაკლი კობახიძემ, რომელიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას ხელმძღვანელობს, ხაზგასმით აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელებისას  ორი რამ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი – კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის პროექტზე მუშაობის პროცესი და თავად ცვლილებების შინაარსი.

„როდესაც შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, ორი ძირითადი მიზანი დაუსახა მას საქართველოს პარლამენტმა: პირველი – ეს იყო კონსტიტუციის სრულ შესაბამისობაში მოყვანა კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან და მეორე უმთავრესი ამოცანა გახლდათ ქვეყნის გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარებისთვის ძალიან მყარი კონსტიტუციური ფუნდამენტის ჩაყრა. ვფიქრობ, იმ საერთო სურათიდან, რომელიც გვაქვს შექმნილი პროცესის ინკლუზიურობიდან, პროცესის ეფექტიანობიდან და იმ დოკუმენტის ხარისხიდან გამომდინარე, რომელიც უკვე მომზადების პროცესშია და გაიგზავნება უახლოეს მომავალში პრაქტიკულად წინასწარი ვერსია დოკუმენტის, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ძალიან ახლოს ვართ იმ მიზანთან, რომელიც დაუსახა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას საქართველოს პარლამენტმა“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით მსჯელობა სხვადასხვა ფორმატში წარიმართოს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ფორმატში ვიმსჯელოთ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით, თავისთავად, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია უზრუნველყოფს ძალიან ფართო ჩართულობას სხვადასხვა დაინტერესებული მხარისა რეფორმის პროცესში- 73 წევრია წარმოდგენილი კომისიაში, სხვადასხვა სუბიექტი, საპარლამენტო პარტიები, არასაპარლამენტო პარტიები, კონსტიტუციური ორგანოები, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო გაიხსნას ეს პროცესი და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი ღონისძიება, სადაც დაინტერესებული ადამიანების  ძალიან ფართო წრეს აქვთ დისკუსიაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა“,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ.