რაზე ისაუბრეს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის დაწყებამდე, კომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიად კვაჭანტირაძემ საქართველოს მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაციის ძალაში შესვლა მიულოცა.

მინდა კომიტეტის სახელით საქართველოს მოქალაქეებს მივულოცო უმნიშვნელოვანესი დღე. საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევამ, კოორდინირებულმა და წარმატებულმა საქმიანობამ რეფორმების განხორციელების მიმართულებით, კიდევ ერთი რეალური შედეგი გამოიღო და საქართველოს მოქალაქეებისთვის კონკრეტული, ხელშესახები სარგებელი მოიტანა, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ ვიზალიბერალიზაციის ძალაში შესვლას. უვიზო მიმოსვლის შემოღება იქნება მნიშვნელოვანი წარმატება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს ევროპასთან. ეს ადასტურებს, რომ ევროკავშირი თავის პრინციპების და დანაპირების ერთგულია და პარტნიორი ქვეყნის ძალისხმევას შემხვედრი ნაბიჯებით პასუხობს. ჩვენ ვახორციელებთ ქვეყნის შიგნით მნიშვნელოვან რეფორმებს, რომლებიც უკავშირდება საქართველოში ევროპული სტანდარტების და კანონმდებლობის დანერგვას და ჩვენი ინსტიტუტების ევროპული სტანდარტების შესაბამისად განვითარებას, – განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ზვიად კვაჭანტირაძემ იმ ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის პირობებში იქნება ხელმისაწვდომი. უვიზო მიმოსვლა სერიოზულ ბიძგს მისცემს ტურიზმის განვითარებას, რომელიც საკმაოდ მძლავრი ტემპებით ვითარდება ჩვენს ქვეყანაში. უვიზო მიმოსვლა აუცილებლად გააღრმავებს ბიზნეს კავშირებს. ის ასევე შეუწყობს ხელს სტუდენტებისთვის გაცვლითი, მოკლევადიანი პროგრამების განვითარებას და ზოგადად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან პარტნიორული კავშირების ჩამოყალიბებას, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება ევროპის ქვეყნებში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობაზეც გაამახვილა. მისი თქმით, ევროკავშირთან თავისუფალი მიმოსვლა ევროპის ქვეყნების მრავალათასიან ქართულ დიასპორაზე დადებითად აისახება და ევროპული ინვესტიციების შემოდინებას და დასაქმების პრობლემის გადაჭრას შეუწყობს ხელს.

უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს მიეცემათ შესაძლებლობა მჭიდრო კონტაქტი დაამყარონ თავიანთი ოჯახის წევრებთან, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ. ვფიქრობ, რომ უვიზო მიმოსვლის ერთერთი მთავარი სარგებელი ისიც იქნება, რომ ევროპის ბაზარი, რომელიც პრაქტიკულად გახსნილია საქართველოსთვის, არა მარტო ქართული პროდუქციის იმპორტს შეუწყობს ხელს, არამედ ევროპული ინვესტიციების შემოდინებას საშუალო და მცირე სექტორშიც, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული ყველა სარგებელი ხელმისაწვდომი ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვისაც.

კომიტეტის სხდომაზე, დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა დეპუტატებს თურქეთისა და საბერძნეთის საჯარო სკოლებში ქართული ენის სწავლებისა და ქართული ენის დისტანციური სწავლების დანერგვის პროგრამების შესახებ მოხსენება წარუდგინა.

განათლების მინისტრის მოადგილემ, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, უცხოეთში მცხოვრები ქართული დიასპორის განათლების საკითხებთან დაკავშირებული ინიციატივებისა და გეგმების წარმოდგენის შესაძლებლობისთვის მადლობა გადაუხადა.

ლია გიგაურის განცხადებით, განათლების სამინისტროს მიერ დიასპორებისთვის ქართული ენის შესწავლისათვის შემუშავებული პროგრამა, ითვალისწინებს როგორც საკვირაო სკოლების მხარდაჭერას, ასევე რესურსების მიწოდებას, მასწავლებლების გადამზადებას და კომუნიკაციის გაღრმავებას სხვადასხვა ფორმით.

მომხსენებელმა დეპუტატებს ქართული დიასპორის განათლების პრობლემებისა და გამოწვევებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ისაუბრა დიასპორებისთვის ქართული ენის პროგრამით გათვალისწინებულ სწავლების პოლიტიკისა და სტრატეგიის შესახებ. მისივე ინფორმაციით, თურქეთსა და საბერძნეთში, ქართული ენის სწავლებისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული მიმდინარე საგანმანათლებლო ინვესტიციების მიმართულებით.

კომიტეტის წევრებმა მინისტრის მოადგილისგან ასევე დეტალური ინფორმაცია მიიღეს ქართული ენის დისტანციური სწავლების საპილოტე პროგრამის თაობაზეც, რომლის მიზანსაც მომხსენებლისვე განმარტებით, ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაცია და ეროვნული იდენტობის შენარჩუნების ხელშეწყობა წარმოდგენს.

საპილოტე პროგრამა დიდ ბრიტანეთში, საბერძნეთში, გერმანიასა და საფრანგეთში განხორციელდება. პროგრამაში ჩართული პედაგოგები კონკურსის წესით შეირჩნენ. საპილოტე პროგრამის ბიუჯეტი 96 900.00 ლარია.

დღესვე, კომიტეტის წევრებმა ქართულ დიასპორაში საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და ეთნოგრაფიის დისტანციური სწავლების საკითხთან დაკავშირებით, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრს, არასამთავრობო ორგანიზაციის „განათლება და ახალი ტექნოლოგიები“ ხელმძღვანელს, მანანა შეყილაძეს მოუსმინეს.

პროგრამებისწარმოდგენის შემდეგ, მომხსენებლებმა დისტანციური სწავლების სისტემის მნიშვნელობასა და პერსპექტივაზე, ასევე, ქართული ენის შესწავლის კუთხით, თურქეთისა და საბერძნეთის საჯარო სკოლებში არსებულ მდგომარეობაზე დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს და მათ მოსაზრებებს გაეცნენ.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიად კვაჭანტირაძემ მომხსენებლებს წარმოდგენილი პრეზენტაციებისთვის მადლობა გადაუხადა. მნიშვნელოვანია, რომ გამოიძებნოს ყველა შესაძლო ინსტრუმენტი და საშუალება და ვინაიდან არსებობს მოთხოვნილება, მაქსიმალურად შეეწყოს ხელი ქართული ენის შესწავლის დანერგვას და განვითარებას როგორც თურქეთში, ასევე საბერძნეთში“, – განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიად კვაჭანტირაძემ.