აფხაზეთისთვის დაღვერილი პირველი სისხლიანი ცრემლები

დღეს აფხაზეთში დატრიალებული პირველი ტრაგედიიდან 27  წელი გავიდა. 1989 წლის 15-16 ივლისი იყო აფხაზეთისთვის დაღვერილი პირველი სისხლიანი ცრემლები, რომელიც დღემდე არ მოუშუშებია ქართველ ხალხს.  

დიახ, ეს არის ტკივილი, რომელიც დღემდე არ მოუშუშებია ქართველ ხალხს. სწორედ ამიტომ გვინდა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ და პატივი მივაგოთ იმ ადამიანებს, რომლებიც მატიანეს პირველ ფურცელზე სისხლიანი ასოებით ჩაეწერნენ.

დიახ, ეს ჩვენ უნდა ვთქვათ დღეს კიდევ ერთხელ და გადავცეთ მომავალ თაობას. ამ თემაზე სასაუბროდ ლალი გაბისონიას დავუკავშირდით.

იმ მძიმე დღეებს geomediatv-სთან აფხაზეთიდან დევნილი, იურისტი ლალი გაბისონია იხსენებს.

-მე იმ მომენტში თბილისში ვიყავი, ვსწავლობდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, ეს ამბავი მეხივით გავარდა მოწმენდილ ცაზე. ჩემი ძმაც მისაღებ გამოცდას აბარებდა თბილისის უნივერსიტეტში, პირველი გამოცდის ჩაბარება მოასწრო და მიატოვა გამოცდები, დედაჩემი აღშფოთდა, გამოცდებს ვინ ჩააბარებსო?! ჩემი კლასელები და ჩემი ქალაქი არეულ-დარეულიაო და მე აქ რა გამაჩერებსო… მივატოვეთ ყველაფერი და სოხუმში წამოვედით მამაჩემის მანქანით–არ დამავიწყდება სოხუმში შემოსვლის მომენტი–გამქრალიყო მზიანი ნათელი ირგვლივ, უკვე ყველაფერს იერ-სახე შეცვლოდა, ადამიანები უნდობლად უყურებდნენ ერთმანეთს,,,უკვე აღარ ჩანდა ის სილაღე და ბედნიერება, რუხი ფერის იყო ყველაფერი, არ ვიცი, იქნებ მე მეჩვენებოდა ასე, მაგრამ ეს ფაქტია. ჩემმა ძმამ იმ პირველ გამოცდაში ხუთიანი მიიღო თურმე და იმ წელს მაინც ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უივერსიტეტში–მედალოსნებს პირველი გამოცდის წარჩინებით ჩაბარებისას პირდაპირ რიცხავდნენ, სხვა გამოცდების გაუვლელად, მეც ასე ჩავირიცხე . თუმცა 16 ივლისამდე იყო ლიხნის კრება, ამას ქართველებს ვერავინ დააბრალებს, ლიხნის კრება იყო ერთ-ერთი პირველი ძალიან ცუდი სიგნალი SOS ,,,ასე რომ, რაც არ უნდა ვაბრალოთ ქართველებს ამ კონფლიქტის წამოწყება, არ გამოდის ეს, მიუხედავად 1992 წელს დაშვებული უპატიებელი შეცდომისა ჯარების შეყვანის სახით–ეს საბაბი იყო უბრალოდ–დენთით სავსე კასრზე ასანთის ანთების მსგავსი, დენთი უკვე პირამდე იყო სავსე და ამას რუსეთი საუკუნეების მანძილზე ამზადებდა, რაც არ უნდა ითქვას, ესაა სიმართლე, ეს ხალხი, ვისაც აფხაზებს ვუწოდებთ , უდიდეს შეცდომაში შეიყვანეს საქართველოს მტრებმა. მე თუ მკითხავთ, აფხაზ ხალხს მათზე დიდი მტერი არც ჰყავს, ხომ ხედავთ რა მდგომარეობაში არიან დღეს? ცალკე სომხები, ცალკე გაპარტახებულ-გაჩანაგებული ინფრასტრუქტურა, დაცარიელებული ქალაქები და სოფლები, საკურორტოდაც კი აღარ უნდათ თვით რუსებსაც,,,არც სახელმწიფობანას თამაშიდან გამოვიდა რამე–ესეც ნათელია.

16 ივლისი ასოცირდება ძმებს შორის დაღვრილ უდანაშაულო სისხლთან, პირველი ვინც მაგონდება ვოვა ვეკუაა- ნათელი დაადგეს მის სულს ,მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ეს ყველაფერი გარედან იყო ინსპირირებული და ლიხნის კრება ამ კუთხით იყო გამაფრთხილებელი სიგნალი…

რუსულ გეგმას საბოლოო ჯამში არ უწერია განხორციელება, მაგრამ ერთი ფორმულა ჩვენთვის უცვლელად რჩება : ქართველობა ძნელია, მაგრამ აუცილებელი, ვეწირებით ამას, მაგრამ ეს ჩვენი სამშობლოა და სხვა უფლება უბრალოდ არა გვაქვს!

მე მჯერა იმ 16 ივლისს დაღვრილი ქართული სისხლი უფალს სამართალს შესთხოვს და ამდენი სისხლი, დაღვრილი საქართველოსთვის სოხუმსა და გაგრაში, გალში, სადაც ომი დღემდე გრძელდება, ხურჩაში, სადაც ქართველი კაცი სულ ახლახანს მოკლეს–ეს ამდენი უდანაშაულო სისხლი თავის სამართალს იპოვის, მოეგებიან გონს ჩვენი შემცდარი მოძმეებიც და მოხდება დაბრუნება, საქართველოს გაერთსხეულება, მე ამის ღრმად მწამს.

ეს არის ის პირველი გულიდან ამოსული ემოცია, რომელიც წამოვიდა პირდაპირ, როგორც კი დავუბრუნდი 1989 წლის 16 ივლისის მოვლენებს“-გვითხრა ქალბატონმა ლალიმ.

კომენტარის დატოვება