კვლევა: იუსტიციის სისტემის ორგანოების მუშაობა ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს

უფლებადამცველი, საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე გიორგი თევზაძე ცალკეული სასამართლო ორგანოების და იუსტიციის საბჭოს ცხელი ხაზის მუშაობის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს.

„საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირმა 2017 წლის 1 თებერვლიდან 28 მარტის ჩათვლით, საკონტროლო ფორმით განახორციელა საზოგადოებრივი მონიტორინგი, რომლის მიზანი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიისა (2510304 და შიდა ნომრები 1488, 1411) და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ცხელი ხაზის ნომრის 2193435, მუშაობის ხარისხი. შედეგები მოსალოდნელზე გაცილებით საგანგაშო აღმოჩნდა. რადგან აბსოლუტურ შემთხვევაში შეუძლებელი აღმოჩნდა საქალაქო სასამართლოს კანცელარიასთან სატელეფონო კომუნიკაციით დაკავშირება, ასევე თითქმის ყველა შემთხვევაში შეუძლებელი გახდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ცხელი ხაზის მეშვეობით ინფორმაციის მოძიებაში დახმარების მიღება.

ცალკეულ შემთხვევაში ინფორმაციის მიღება მხოლოდ რამდენიმე დღიანი მცდელობის შემდეგ გახდა შესაძლებელი. მონიტორინგის შედეგები გვიჩვენებს, რომ იუსტიციის სისტემის ორგანოების მუშაობა ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს და კრიტიკას ვერ უძლებს. ამას ემატება საკმაოდ დიდი დრო, რომელიც აუცილებელია სასამართლოს კანცელარიაში ინფორმაციის მისაღებად. სასამართლოს საქმიანობის ეს ნაწილი მართლმსაჯულების სისტემის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ფაქტიურად პარალიზებულია.

ჩვენთვის გასაგები ხდება საზოგადოების ნაწილის სამართლიანი აღშფოთება და კრიტიკა, რომლებიც ვერ ახერხებენ სასამართლოს კანცელარიიდან ინფორმაციის მოძიებას. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ეკისრება პასუხისმგებლობა უზრუნველყოს გადაუდებელი სამუშაოები თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ცხელი ხაზის გამართული მუშაობისათვის.

ვიმედოვნებთ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ხელმძღვანელობა მხედველობაში მიღებს ზემოაღნიშნული საზოგადოებრივი მონიტორინგის შედეგებს და უმოკლეს ვადებში აღმოიფხვრება ამ მიმართულებით არსებული სერიოზული ხარვეზები. საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი გაანგრძელებს ამ საკითხზე საზოგადოერბივ მონიტორინგს და შედეგებს გაასაჯაროვებს მედია–საშუალებებით რაც აისახება შემდგომ მის ყოველწლიურ ანგარიშებში რაც დაეგზავნება ავტორიტეტულ საერთაშორისო ინსტიტუტებს.“ – აღნიშნულია გიორგი თევზაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.