“რომის პაპზე დიდი კათოლიკეები” ნუ გამომეხმაურებით!

ბლოგი

მოზღვავებული ტკივილითა და იმედგაცრუებით, მუდამ მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგული შვილი – გიორგი ტიგინაშვილი

გულწრფელად და დანანებით უნდა ითქვას, რომ საქართველოს საპატრიარქო დაღუპა ყრუ დუმილმა, მკაცრმა ჩაკეტილობამ, დექრისტოცენტრულობამ, იდეოლოგიზირებული “რწმენის” ტირაჟირებამ, ფუფუნებამ და ინტელექტუალი ადამიანების მიმართ წარმოებულმა აგრესიულმა პოლიტიკამ. მათ სრულიად უპატიოდ და გარიყულად დატოვეს ყველა გულანთებული და საზოგადო სიკეთისათვის სასარგებლო პოტენციალის მქონე პიროვნება და მოახდინეს ეკლესიის სრული პრივატიზაცია. ეს განპირობებულია იმით, რომ წლების მანძილზე, ჭეშმარიტი სახარებისეული რწმენის ნაცვლად, “იქადაგეს” წარმართული, ხალხური “ღვთისმეტყველება” და საერო სულითა და მჟავე პატრიოტიზმით დახუნძლეს წმიდა ამბიონი, შექმნეს ეთნო-ფილეტისტური ეკლესია, რომელიც ამჟამინდელი მოცემულობის გამო, სავსებით ბუნებრივად სრულ გაუცხოებასა და დისტანცირებაშია დანარჩენ მართლმადიდებელ სამყაროსთან. იზოლაციონისტური ტრენდის ჩამოყალიბება, ე. წ.”სულიერების” ცოდნის ჯალათად გახდომამ გამოიწვია, რამაც საბოლოოდ აბსოლუტური პროვინციალიზმი გაამეფა ჩვენს დღევანდელობაში. დაახლოებით ისეთი, როგორიც იყო მეთვრამეტე საუკუნეში, მაშინ როცა სამღვდელო დასის უღირსი წევრები ტყვეთა სყიდვით კავდებოდნენ და მათგან ზოგიერთნი ვეფხისტყაოსანს ცეცხლშიც კი წვავდნენ “სჯულის განმტკიცების” მიზნით. სწორედ ამგვარმა გაუნათლებლობამ, გასაქანი მისცა ხეპრე და კარიერისტ ყეყეჩებს, რომელთათვისაც მიზანი (ძალაუფლებისაკენ სწრაფვა, ფული, სახელი) ყოველთვის ამართლებს საშუალებას. ამ გზაზე მავანნი არავის ინდობენ და მორალურად (ზოგჯერ ფიზიკურადაც) ანადგურებენ ყველა იმ ადამიანს, ვინც სიმართლეს აჟღერებს, ვინც წესიერია და წიგნიერი!

საუბედუროდ, ჩვენი სამღვდელოების დიდ ნაწილში ცხონება, კლიშეებისა და შტამპებისაგან თავისუფალი ღვთისმსახურება, პიროვნების ცნების ქრისტესმიერი გაგება და თვით სიყვარულიც კი აბსტრაქტულ, მითოლოგიურ და არარენტაბელურ “საუნჯედ” იქცა, რადგან ხსენებული იდეალები არ ემსახურებიან ამასოფლისეულ ზრახვებს, პატივმოყვარეობას, ეგოსა და სიამაყეს.

ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, როგორც ამ ეკლესიის ცოდვილი შვილი, მრავალწლიანი დაკვირვებით ალალად ვაცხადებ: კატასტროფის, უზნეობისა და მატერიალიზმის ურცხვი ზეობის რეალობაში ვცხოვრობთ, სადაც სადუკევლებად და ფარისევლებად ქცეული ეპისკოპოსების უმრავლესობა, მხოლოდ კომფორტსა და ამბიციურ განცხრომაზე ფიქრობს.

ქრისტეს ხელმეორედ და მრავალგზის ჯვარმცმელო მღვდელმთავრებო (იგულისხმება სინოდის წევრთა უმრავლესობა და არა ყველა), გრცხვენოდეთ იმ ხიდჩატეხილობის, რაც თქვენსა და მრევლს შორის შექმენით და ამ ფონზე შეუვალ, იმპერატიულ კასტად ჩამოყალიბდით! გრცხვენოდეთ იმ ყინულივით ცივი უგრძნობლობისა და გახევებული უგულისყურობისა, რომელსაც სულიერი სამწყსოს წინაშე ყოველდღიურად ამჟღავნებთ! გრცხვენოდეთ იმ ქონებრივი დიფერენციაციის, რაც თქვენსა და მორწმუნე მოქალაქეებს შორის არსებობს! თქვენ, მისიონერული, მეტაფიზიკური და მისტიკური ორიენტირების ნაცვლად კვაზირელიგიური ატმოსფერო და რეჟიმი შექმენით მესიის სისხლით გამოსყიდულ ეკლესიაში! თქვენ, დახლზე დადეთ სულიწმინდა და სავაჭრო საქონლად აქციეთ მადლი. ინკვიზიციური სულისკვეთებით გააწამეთ ყველა სწავლული, ზოგი ცილისწამების მსხვერპლად აქციეთ, ზოგი განდევნეთ და ნაწილი კონფორმისტობამდე დააჩიავეთ. მოძალადე აიათოლებსაც კი შეშურდებათ თქვენი ამქვეყნიური რეგალიებისა და სატანისტური ქმედებებისა. დიახ, ქრისტეთი არტისტიზმი და ევქარისტიის პაროდირება, რომელიც თქვენს უკრძალველობაში იხილვება, სწორედაც რომ დემონური მსახურებაა და არა ღვთივსულიერი. თქვენ წაახალისეთ იერარქიაში ფანატიზმი, ექსტრემიზმი და ფუნდამენტალიზმი, აუკრძალეთ ადამიანებს დამოუკიდებელი აზროვნება, მოვლენათა მიმართ ობიექტური განსჯის უნარი და უღმერთო კადნიერებად შეურაცხეთ ლოგიკური ანალიზი.

რომ არ ვიცოდე, რომ ეკლესია სვეტი და სიმტკიცეა ჭეშმარიტებისა და მისი თავი უშუალოდ ჯვარცმული და მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარია, რომ არ ვიაზრებდე ღვთივდადგენილი ორგანიზმის და ცალკე აღებული ადმინისტრაციის მნიშვნელობას, რომ არ მესმოდეს მათ შორის სხვაობა (როგორც, მაგალითად: მედიცინა, როგორც ფენომენი და საავადმყოფოს არაპროფესიონალი მენეჯმენტი, როგორც მაფია), ალბათ ჭკუიდან შევიშლებოდი ამდენი უსამართლობის შემხედვარე.

სამწუხაროდ, თქვენ უმკაცრესად მოგეკითხებათ როგორც წაყრუების სირაქლემური პოზისათვის, ისე იმ არაკვალიფიციური და არასულიერი სამღვდელო პირების აღზევება-დაწინაურებისათვის, რომელნიც იუდასეული ღალატით აღსავსე საქმეების მეტს არაფერს აკეთებენ გარშემო.

გპირდებით, რომ ისტორია ამ ყოველივეს საკადრისად შეაფასებს და მერწმუნეთ, ოქროს ასოებით ნამდვილად ვერ შეხვალთ მატიანეში, რამეთუ “არა არს დაფარულ, რომელი არა გაცხადდესო“ ამბობს წმ. წერილი და რაკი “ყველაფერი გარდახდება, ხოლო სიტყვანი უფლისანი კი არა“, გამოვთქვამ იმედს, რომ თქვენი კლანური სქემა და მავნებლური საქმიანობა, ფრიად გაწბილდება და შერცხვება საშვილთაშვილოდ! ამას ვამბობ არა პირადი წყენით, არამედ საზოგადო და გარდაუვალი სიმართლის ქომაგობით! და მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, ჯერ კიდევ გაქვთ შანსი, რომ ერთხელ მაინც გვერდზე გადადოთ პირადი ინტერესები და იმოქმედოთ ღირსეულად, მიაყურადოთ მოყვასის საწუხარს და შეისმინოთ უამრავი ადამიანის სატკივარი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მაშინ როცა უტიფრად დაფარავთ სნეულებას, შექმნილი ვითარებით აუცილებლად ისარგებლებენ დესტრუქციული, გრანტიჭამია თუ ლიბერალური ჯგუფები და ისედაც რეპუტაცია შერყეულ ეკლესიას (იგულისხმება საპატრიარქოს ადმინისტრაცია), კიდევ უფრო მეტად უყრანტალებენ ჭილყვავურ ენებს, რაზედაც პასუხისმგებლობა მთლიანად თქვენ დაგეკისრებათ. ამ ყველაფერს მხოლოდ უანგარო და გულშემატკივრის პოზიციიდან დანახული აღქმა მალაპარაკებს და არა მზაკვართა მსგავსად მტრული პათოსი!

შეინანეთ ჰეროდეს, ჰეროდიადას, კაიაფას, იუდას, პილატეს, იულიანეს, ბალთაზარ დელა კოსას და ბორჯიების გზა და გახსოვდეთ წმ. იოანე ოქროპირის სიტყვები: “ის ვინც ცოდვის გამო აქ არ ისჯება, ყველაზე უბედური ადამიანია“!

P.S. “რომის პაპზე დიდი კათოლიკეები” ნუ გამომეხმაურებით!