ირღვევა საერთაშორისო სამართლის ძირეული პრინციპები

ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის მიმდინარეობას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოეხმაურა და სპეციალური განცხადება გაავრცელა:

“დღეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმართება ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის არჩენები და ე.წ. რეფერენდუმი საქართველოს ძირძველი ტერიტორიისათვის სახელის ცვლილების მოთხოვნით.

ეს ქმედება მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ძირეულ პრინციპებს. ტერიტორიაზე, საიდანაც ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილ იქნამოსახლეობის უდიდესი ნაწილი და სადაც რეალურ კონტროლს ახორციელებს უცხო ქვეყნის საოკუპაციო ძალა შეუძლებელია ვისაუბროთ მოსახლეობის თავისუფალი არჩევანის ან ნების თავისუფლად გამოხატვის რაიმე ფორმის შესახებ.

ე.წ. რეფერენდუმი სხვა არაფერია, თუ არა მცოცავი ოკუპაციის რეჟიმის აშკარა ანექსიაში გარდასახვა იგივე სცენარით, რომელიც რუსეთის ფედერაციამ 2014 წელს განახორციელა ყირიმთან მიმართებაში. ამგვარი ქმედება წარმოადგნეს უხეშ ზეწოლას საქართველოზე და მიზნად ისახავს ვითარების შემდგომ ესკალაციას შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

მივმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას მტკიცე პოზიცია დააფიქსიროს მეზობელი სახელმწიფოს სუვერენული საზღვრებისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მორიგი მცდელობისა და რუსეთის პრივილეგირებული ინტერესების სფეროების პოლიტიკის მიმართ. “ყირიმის პრეცედენტის” დამკვიდრება საერთაშორისო ურთიერთობების პრაქტიკაში საფრთხეს შეუქმნის არამხოლოდ საქრთველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, არამედ იმ უნივერსალური და ფუძემდებლური პრინციპების ქმედუნარიანობას, რასაც ეფუძნება თანამედროვე საერთაშორისო წესრიგი” – ნათქვამია  განცხადებაში.