კვალიფიციური პარტიების ზრდას ხელს უწყობს ხარვეზიანი კანონმდებლობა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

როგორც წესი საარჩევნო ბლოკში პარტიები ერთიანდებიან, რათა უკეთ განახორციელონ თავიანთი საარჩევნო მიზნები, მაგრამ როდესაც არჩევნებზე ერთი და იგივე შედეგის მიღწევისას კანონი საარჩევნო ბლოკს უპირატეს მდგომარეობაში აყენებს მაშინ მივიღებთ ხელოვნურად, ფინანსური სარგებლის მიზნით შექმნილ საარჩევნო ბლოკებს.

საარჩევნო ბლოკების შესახებ რეგულაციების პრობლემების აღმოფხვრის მიზნით „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად საკანონმდებლო წინადადებას ამზადებს. ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში დეტალური ინფორმაციას გამოვაქვეყნებთ სადაც დაწვრილებით იქნება აღწერილი პრობლემის არსი და მისი გადაწყვეტის გზა საკანონმდებლო ცვლილებების მეშვეობით.

აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში ხელისუფლებამ წარმოადგინა ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო ბლოკების სრულიად გაუქმებას. მიგვაჩნია, რომ ეს გზა მიუღებელია 5%-იანი ბარიერის პირობებში, რადგან ქვეყანაში მოქმედი პარტიების უდიდესი უმრავლესობის რეიტინგი 5%-ზე დაბალია და ბლოკის გაუქმება გამოიწვევს მათ საჯარო პოლიტიკაში მონაწილეობის რადიკალურ შეზღუდვას. ამასთან დაკავშირებით საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშიცმყარად ვაფიქსირებდით.

ქვემოთ შემოგთავაზებთ კვალიფიციური პარტიების ჩამონათვალს და დაფინანსების ოდენობას, რომელსაც ისინი ყოველთვიურად იღებენ ბიუჯეტიდან:

partyfinance.PNG

 

ზემოთ ჩამოთვლილი ყოველთვიური დაფინანსებას პარტიები იღებენ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების“ შესახებ კანონის 30-ე მუხლის საფუძველზე (რომლის ოდენობა დამოკიდებულია პარტიის მიღებულ ხმებზე, მიღებულ მანდატებზე, ფრაქციის შექმნაზე, გენდერულ ბალანსზე პარტიულ სიაში), თუმცა ამის გარდა საარჩევნო პერიოდში კვალიფიციური პარტიები თუ ისინი არჩევნებში იღებენ  მონაწილეობას შემდეგი არაპირდაპირი დაფინანსებებით სარგებლობენ:

  • საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯების დასაფარავად გამოყოფილი დაფინანსება – თუ სუბიექტმა საპარლამენტო არჩევნებზე გადალახა 5%-იანი ზღვარი (საპრეზიდენტოზე 10%) მიიღებს 1 მილიონ ლარამდე გაწეული ხარჯების ანაზღაურებას.

  • პარტიებისთვის თანხის საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მეშვეობით განაწილება – მიზნობრივი დაფინანსებაა მიმართულია პარტიის შესაძლებლობების გაზრდისკენ სემინარების, ტრენინგების თუ მივლინებების დაფინანსების გზით.

  • არჩევნების დღეს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლობის დაფინანსება – ყოველ საარჩევნო უბანზე 100 ლარის და ყოველ საარჩევნო ოლქზე 150 ლარის ოდენობით, ხოლო ის საარჩევნო ბლოკი, რომელშიც 2 ან მეტი კვალიფიციური პარტიაა – ყოველ საარჩევნო უბანზე 150 ლარის და ყოველ საარჩევნო ოლქზე 200 ლარის ოდენობით.

  • პარტიებისთვის საარჩევნო წელს სატელევიზიო რეკლამისათვის მიზნობრივი დაფინანსების გამოყოფა –  ბოლო საერთო არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება სამზე და იყოფა საარჩევნო სუბიექტში შემავალი პოლიტიკური გაერთიანებების რაოდენობაზე, არ უნდა აღემატებოდეს 600 000 ლარს.

  • უფასო სარეკლამო დრო –  საარჩევნო პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია კვალიფიციურ სუბიექტებს გამოუყოს ყოველ საათში 5 წუთი წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად, საერთო ეროვნული საეთერო მაუწყებელი – 3 საათში 7,5 წუთი.