“პასუხისმგებლობა მოითხოვს კამერების წინაშე „შოუ“ და „მასკარადი“ არ მოაწყო…”

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს მოუსმინეს

 იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და თავდაცვისა და უშისროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრტხოების სამსახურის უფროსის მოადგილეს, ალექსანდრე ტაბატაძეს მოუსმინეს, რომელმაც უწყების მიერ 2016 წელს გაწეულს საქმიანობაზე ინფორმაცია წარმოადგინა. სხდომის დასაწყისში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ საპარლამენტო კონტროლის და აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის ანგარიშის გაცნობის მნიშვნელობაზე განცხადება გააკეთა და 2012 წლის შემდეგ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე ისაუბრა.

„მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა დაამკვიდრა ის სტანდარტი, როდესაც სამინისტროები, მათ შორის, ძალოვანი უწყებები პარლამენტის წინაშე წარმოადგენენ საქმიანობის ანგარიშს და მივესალმები, რომ ასეთი ინტერესია მათი განხილვის მიმართ“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) საქმიანობის ანგარიშის წარსდგენისას, ალექსანდრე ტაბატაძემ უწყების ძირითად მიმართულებებზე და სამსახურის პრიორიტეტებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, სუს-ის უპირველესი მისია საქართველოს კონსტიტუციური წყობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის საშინაო და საგარეო საფრტხეებისგან დაცვა და ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფა წარმოადგენს. სამსახურის უფროსის მოადგილემ უწყების მთავარ გამოწვევად ოკუპირებული ტერიტორიების არსებობა და ოკუპანტის მიერ მზარდი მილიტარიზაციის საფრთხე დაასახელა. მისი განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეების შეკავებისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან ანექსიის პროცესებისთვის ხელშეშლის მიზნით, სახელმწიფო უსაფრტხოების სამსახური ადგილზე არსებული ვითარების მონიტორინგს და განვითარებული მოვლენების შეფასებას მუდმივად ახორციელებს. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მისი მანდატის ფარგლებში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებულ ვითარებას პარტნიორი ქვეყნების უმაღლეს თანამდებობის პირებს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს აცნობს. ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან ჩვენი სამსახური წამყვანი უწყებაა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატის შეხვედრებში“, – განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.

ანგარიშის წარდგენისას მომხსენებელმა კონტრდაზვერვითი საქმიანობის და ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებები მიმოიხილა. მისი ინფორმაციით, უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურები ლეგალური და არალეგალური პოზიციებიდან მუდმივად ცდილობენ შეაღწიონ ხელისუფლების ორგანოებსა და ქვეყნის უსაფრთხოების სტრუქტურებში, რათა სახელმწიფო საიდუმლოებაზე და ქვეყნის პოლიტიკურ, სამხედრო და ეკონომიკურ სფეროებში მიმდინარე პროცესებზე მოიპოვონ წვდომა. „აღნიშნულის გასანეიტრალებლად სახელმწიფო უსაფრტხოების სამსახური მუდმივ რეჟიმში ახორციელებს საქართველოში მოქმედი უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურების საქმიანობის, გეგმების, მათ მიერ გამოყენებული ძალებისა და საშუალებების, დაინტერესების ობიექტებისა და კავშირების შესწავლას, ასევე სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამოვლენას და აღკვეთას“, – აღნიშნა ალექსანდრე ტაბატაძემ. მანვე ე.წ. „რბილი ძალის“ გამოყენებით „სახალხო დიპლომატიის“ და „ინფორმაციული დივერსიის“ კომპონენტებზე და მათგან მომავალ საფრთხეებზე ისაუბრა. რაც სეეხება ტერორიზმთან ბრძოლას – სუს-ის უფროსის მოადგილის ინფორმაციით, 2016 წლის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის ტერორისტული აქტივობების საფუძველზე, სისხლის სამართლის 9 საქმეზე გამოძიება დაიწყო. „საანგარიშო პერიოდში სუს-ის მიერ აქტიურად მიმდინარეობდა ტერორიზმის დაფინანსების ფაქტების გამოვლენა და აღკვეთა, ბიზნეს და საქველმოქმედო ორგანიზაციების საფარქვეშ მოქმედი, ტერორისტული დაჯგუფების ფინანსური ინტერესების შესაძლო გამტარებელი პირების საქმიანობის კონტროლი. გამოვლენილ იქნა უცხო ქვეყნის 20-მდე მოქალაქე, რომელთაც საეჭვო ფინანსურ საქმიანობაში ჩართული იურიდიული პირები ქონდათ დაფუძნებული“, – განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის პრეზენტაციისას, უწყების წარმომადგენელმა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთული უსაფრთხოების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ანალიტიკური საქმიანობის და პიროვნების პერსონალურ მონაცემთა დაცვა საკითხებზეც ისაუბრა. გამოსვლის დასასრულს, პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, გაერთიანებული კომიტეტების სხდომა, დახურული ფორმატით კითხვა-პასუხის  რეჟიმში გაგრძელდა, რასაც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელთა პროტესტი მოყვა.

სხდომის დასრულების შემდეგ, იურიდიულ საკითხტა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ კომენტარი გააკეთა და სხდომის დახურვის გამო, უმცირესობის წარმომადგენელთა პრეტენზიებს უპასუხა.

„ყველაზე უპასუხისმგებლო დამოკიდებულება არის, როდესაც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს სამსახურების მიმართ უპატივცემულო და ცინიკურ დამოკიდებულებას იჩენენ. სხდომა დაიხურა, იმიტომ რომ ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ პარლამენტს  გააზრებული აქვს, როდესაც ისმენს უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს და არის ძალიან ბევრი დახურული ინფორმაცია, რომლის საჯარო სივრცეში გაჟღერება  საფრთხის შემცველია, იმის გათვალისწინებითაც, რომ საქართველო ამ სამყაროში მარტო არ არის და ჩვენი ქვეყნის მიმართ ბევრი არაკეთილმოსურნეც არსებობს, პასუხისმგებლობა მოითხოვს კამერების წინაშე „შოუ“ და „მასკარადი“ კი არ მოაწყო, არამედ დასვა კითხვები, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, ტერორისტულ საფრთხეებს, ისლამური სახელმწიფოს და მასთან დაკავშირებული ტენდენციებს ეხება.  ასეთ საკითხებზე არც ღია ეთერში საუბრობენ და არც ქილიკობენ და არც მასკარადებს აწყობენ. როდესაც დაიხურა სხდომა პროცესი საქმიან ვითარებაში წარიმართა, ყველა კითხვაზე მივიღეთ პასუხი რისი მოსმენაც დახურულ ფორმატში შეიძლებოდა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.