ელენე ახვლედიანის თოვლიანი აპრილი (ვიდეო)

ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, საქართველოს სახალხო მხატვარი, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურიატი ელენე ახვლედიანი 1901 წლის 18 აპრილს დაიბადა. 

თენგიზ ვერულავა

იგი დაიბადა აპრილის თვეში, როცა ლურჯია გაზაფხული. თუმცა, იმ დღეს ბარდნიდა თელავში, თოვდა თეთრი სითეთრე აპრილის ციდან. ძველნი ამბობენ: თოვლიან აპრილს იშვიათნი იბადებიანო. იგიც გამორჩეული ქართველი იყო. მისი დათოვლილი ხედები კი –  მამულის ტფილი ხატები.

ელენე ახვლედიანი საკუთარი ნამუშევრების გამოფენებს ხშირად საკუთარ სახელოსნოში აწყობდა. აქვე იმართებოდა შემოქმედებითი საღამოები და კონცერტები, უკრავდნენ ცნობილი პიანისტები ჰეინრიხ ნეიჰაუზი, სვიატოსლავ რიხტერი და სხვები. ელენე ახვლედიანის სახელოსნო სხვა ცნობილი ქართველი მხატვრების საყვარელ ადგილადაც ითვლებოდა.

ერთხელ ცნობილმა პიანისტმა ჰენრიხ ნეიჰაუზმა ელენე ახვლედიანის ფერწერის ხილვისას მხატვარს მიმართა: “თქვენი ფერწერა ჩემში ისევე იწვევს მუსიკალურ შეგრძნებებს, როგორც მუსიკა აღძრავს ჩემში ხედვით სახეებს, ხანდახან კი ფილოსოფიურ აზრებსაც კი”.
1975 წელს სსრკ ფინანსთა სამინისტროში ქალთა სურათების გამოფენა გაიმართა, ელენე ახვლედიანის ხელმძღვანელობით. 28 დეკემბერს გამოფენის შემდეგ გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ელენე ახვლედიანი ცუდად შეიქმნა. “Как стыдно, у всех на глазах” ეს იყო მისი ბოლო სიტყვები.
მისი გარდაცვალების შემდეგ სახელოსნო, რომელშიც მხატვარმა ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა, სახლ-მუზეუმად იქცა.

ელენე ახვლედიანი დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.