დაახარისხეთ ნარჩენები! – თბილისში საინფორმაციო ბანერები განთავსდა

თბილისის მერიის მხარდაჭერით, „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა“ (CENN) დედაქალაქში, ნარჩენების სეპარაციის შესახებ საინფორმაციო ბანერები განათავსა.

საინფორმაციო ბანერებზე მითითებულია თუ რა მისამართებზეა განლაგებული ნარჩენების სეპარირების სტენდები.

ნარჩენების სეპარაციის სტენდები, თბილისის მერიის, “თბილსერვის ჯგუფის”, „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის“ (CENN) და საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციის ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა.

დედაქალაქში უკვე სეპარაციის 25 სტენდი დგას, რომელშიც მოქალაქეებს დახარისხებული ნარჩენების განთავსება შეუძლიათ. კერძოდ, PET ბოთლები, ქაღალდი, შუშა და ალუმინის ქილები.

აღსანიშნავია, რომ ამ სტენდებში მოხვედრილი ნარჩენები მეორად პროდუქტად გადამუშავდება.

რაც შეეხება საინფორმაციო ბანერებს, ისინი განთავსებულია მეტროსადგურ „სამგორთან“, დიდ დიღომში, გ. ბრწყინვალეს ქუჩაზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე; რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედ, წერეთლის გამზირზე, “კოკა-კოლას” ოფისთან, ვაკის პარკთან და მეტროსადგურ “ღრმაღელესთან”. ბანერებიდან რამდენიმე წუთის სავალზეა განთავსებული სეპარაციის სტენდებიც.