ჩაძირულ გემზე საქართველოს მოქალაქის ყოფნა დასტურდება

შავ ზღვაში მასშტაბური სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ქერჩის სრუტესთან შტორმის შედეგად პანამის დროშის ქვეშ მცურავი, სატვირთო გემი ჩაიძირა. წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე 12 მეზღვაური იმყოფებოდა. მაშველებმა 5 მეზღვაური გადაარჩინეს, 7 კი დაკარგულად მიიჩნევა.

რუსული მედიის ცნობით, ერთ-ერთი მეზღვაური საქართველოს მოქალაქეა. ინფორმაციას ქართული მხარე ადასტურებს. ტელეიმედთან საუბარში საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოს დირექტორის მოადგილე განმარტავს, რომ ამ ეტაპზე კატასტროფის ადგილის კოორდინატების დაზუსტება მიმდინარეობს. ვახტანგ მიქელაშვილის ინფორმაციით, ქართული მხარე ძებნა გადარჩენის ოპერაციაში ჩართული არ იქნება.

შეგახსენებთ: დღეს დილით, 3;30 საათზე შავ ზღვაში, ქერჩის სრუტესთან  პანამის დროშის ქვეშ მცურავო სატვირთო გემი “Герои Арсенала” ჩაიძირა.  რუსული მედიის ცნობით, გემზე ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა, მათგან 5-ის გადარჩენა მოხერხდა, დანარჩენებს კი ამ დრომდე ეძებენ. რუსული ეკიპაჟის წევრებიდან 9 რუსეთის მოქალაქეა, 2 უკრაინელი და 1 საქართველოს მოქალაქე. ხორბლით დატვირთული გემი რუსეთის როსტოვის ოლქიდან თურქეთში მიემგზავრებოდა.