მეტროს ვაგონების მოდერნიზაცია მიმდინარეობს

მეტროს მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზაცია და კაპიტალური სარემონტო სამუშაოები გრძელდება. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მფლობელობაში არსებული ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანა 8 ვაგონს კაპიტალურად არემონტებს.

ვაგონების განახლება, ეტაპობრივად, 2 თვის განმავლობაში მოხდება. მოდერნიზაცია გულისხმობს მოძრავი შემადგენლობის კაპიტალურ განახლებასა და თანამედროვე სისტემების ინსტალაციას – იცვლება ვაგონის ინტერიერი, ექსტერიერს ეძლევა თანამედროვე სახე, ძველი სანათები იცვლება ახალი, დიოდური სანათებით, მემანქანის კაბინა აღიჭურვება თანამედროვე ტიპის მართვის პულტით, ძველი ტიპის მექანიკური, კონტაქტორული დეტალები იცვლება თანამედროვე სტანდარტების მიკროპროცესორული სქემებით აღჭურვილი კვანძებით.

2017 წელს იგეგემება მეტროს 16 ვაგონის კაპიტალური რემონტი და 2 ვაგონის სრული მოდერნიზაცია.