ნანუაშვილისთვის გაუგებარია, რატომ უნდა ირჩეოდეს სახალხო დამცველი მხოლოდ 1 ვადით

სახალხო დამცველი ხელისუფლებისგან მეტ არგუმენტს ითხოვს სახალხო დამცველის არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით. უჩა ნანუაშვილისთვის გაუგებარია, რატომ უნდა ირჩეოდეს სახალხო დამცველი მხოლოდ 1 ვადით.

“მე ვერ მოვისმინე თუ რატომ უნდა დაწესდეს კონსტიტუციაში შეზღუდვები მხოლოდ სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით, როცა სხვა არჩევით თანამდებობებზე მსგავსი შეზღუდვები არ არსებობს,” -განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.  სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ამ საკითხის განხილვა საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში კვლავ მოხდება.

ზოგადად საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაზე კი სახალხო დამცველი ამბობს, რომ გარკვეულ საკითხებზე საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ვადა უნდა გახანგრძლივდეს.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია განიხილავს წინადადებას, რომლის მიხედვითაც შესაძლოა ომბუდსმენი არა მხოლოდ უმრავლესობის მიერ, არამედ კონსესუსის საფუძველზე აირჩიონ.  მოქმედი კანონით, სახალხო დამცველს მხოლოდ მმართველი უმრავლესობა ირჩევს. საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში კი, პროცესში საპარლამენტო ოპიზიციაც ჩაერთვება.