მთავრობამ პრიორიტეტად დაისახა ქვეყნის ღირსეული პოზიციონირება საერთაშორისო ასპარეზზე

“უახლოეს მომავალში ამოქმედდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, ჩინეთთან და ჰონკონგთან,” – განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პროექტ „აწარმოე საქართველოში“ ახალი სტრუქტურის პრეზენტაციაზე.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ პრიორიტეტად დაისახა ქვეყნის ღირსეული პოზიციონირება საერთაშორისო ასპარეზზე, რომელიც განაპირობებს ინვესტიციების მოზიდვისა და ექსპორტის ზრდას. მისივე თქმით, „აწარმოე საქართველოში“, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტო ერთობლივად იმუშავებენ, რომ ხელი შეუწყონ ექსპორტიორების ახალ ბაზრებზე გასვლასა და დამკვიდრებას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაციაზე კომერციული ატაშეების ინსტიტუტზეც ისაუბრა.  „მნიშვნელოვანია, რომ მუშაობას დაიწყებს კომერციული ატაშეების ინსტიტუტი. ისინი იქნებიან საქართველოს ერთგვარი ეკონომიკური ელჩები განსაკუთრებით პრიორიტეტულ ბაზრებზე და სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს საელჩოებში იმუშავებენ. მათი საშუალებით შესაძლებელი გახდება ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობების გაცნობა უფრო მეტი პოტენციური ინვესტორისათვის, მეტი შემსყიდველის დაინტერესება ქართული საექსპორტო პროდუქციით და მეტი საერთაშორისო ბიზნესის შემოსვლა საქართველოში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, დღეს ნამდვილად შეუძლია იამაყოს იმ შედეგებით, რომელიც უკვე მიღწეულია.

”ეს პროგრამა მიმართულია იმისკენ, რომ შეიქმნას და გაძლიერდეს ადგილობრივი წარმოება, მოვიდეს შესაბამისობაში იმ სტანდარტებთან, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ საქართველოს საექსპორტო პოტენციალი გაძლიერდეს. სწორედ ამიტომ, დღეს დღის წესრიგში დგას უკვე არსებული სახელმწიფო პროგრამების გაფართოება და მათი ეფექტურობის კიდევ უფრო გაზრდა”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.