წინასაარჩევნო პერიოდში პრორუსული რეკლამები უნდა აიკრძალოს!

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ პარლამენტში წარადგინა საკანონდებლო წინადადებას, რომლის ძირითადი მიზანია აიკრძალოს წინასაარჩევნო აგიტაცია, მათ შორის რეკლამის გადაცემა, რომელიც შეიცავს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და კონსტიტუციური წყობის, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დარღვევის ან/და ოკუპაციის ლეგიტიმაციის საფრთხეს.

კანონპროექტი მიზნად ისახავს საკანონდებლო ხარვეზის გამოსწორებას, რომლის თანახმადაც არ იკრძალება რეკლამა თუ არ არსებობს ომისა და ძალადობის პირდაპირი მოწოდება. ხოლო საარჩევნო კოდექსით შემოწმებას ექვემდებარება მხოლოდ წინასაარჩევნო პროგრამა და არა აგიტაცია.

აღნიშნული ნორმის მიზანია რუსეთის მიერ გამოყენებული პირდაპირი და ირიბი გავლენის მეთოდების ნეიტრალიზება, რომლის მეშვეობითაც, რუსეთი ცდილობს შეცვალოს ქვეყნის განვითარების დასავლური კურსი და გავლენა მოახდინოს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ გარემოზე.

კანონპროექტი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად, რაც ევროკავშირისთვისაც აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. (მაგ. საინტერესოა ევროპის პარლამენტის მიერ 2016 წლის 23 ნოემბერს მიღებული რეზოლუცია „სტრატეგიული კომუნიკაცია ევროკავშირის წინააღმდეგ მესამე მხარეთა მიერ წარმოებული პროპაგანდისთვის წინააღმდეგობის გასაწევად“. რეზოლუცია პროპაგანდის მთავარ წყაროდ ასახელებს რუსეთის ფედერაციასა და ისლამისტურ ტერორისტულ დაჯგუფებებს, ვრცლად განიხილავს ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდას და მის წინააღმდეგ სათანადო ზომების გატარებისკენ მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს.)

საკანონდებლო წინადადების თანახმად ცვლილება შედის რამდენიმე კანონში: „მაუწყებლობის შესახებ“, „საარჩევნო კოდექსი“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“.

კანონპროექტს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/YeMIjG.