„დაპირისპირების და ლანძღვის „დამთავრება“ უნდა შეეხოს სატელევიზიო ეთერებსაც…“

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ლევან მურუსიძე მიიჩნევს, რომ როგორც სასამართლოს მიმართ არსებობს მოლოდინი გერმანულ და ამერიკულ სასამართლოსთან მსგავსების, ასე უნდა დაემსგავსოს ქართული მედია CNN-სა და BBC-ის. ლევან მურუსიძის ამ კომენტარს on.ge ავრცელებს.

„ყველაფერი ვითარდება, როგორი ჟურნალისტიც იყავით პირველ წელს, ახლაც ისეთი ხომ არ ხართ, ხომ ვითარდებით? მე როგორი მოსამართლეც ვიყავი პირველ წელს, 10 წლის შემდეგ ხომ სხვანაირი ვარ? ყველაფერს უნდა წინ წასვლა, განვითარება“, – განმარტა მურუსიძემ მოსამართლეების მიმართ კრიტიკის საპასუხოდ.

იუსტიციის საბჭოს მდივანი მიიჩნევს, რომ ქართველი ჟურნალისტები ტელეეთერებში დაპირისპირების მოწყობაზე არიან ორიენტირებულები, რა დროსაც ურთიერთშეურაცხმყოფელი მოსაზრებები ისმის. ის ფიქრობს, რომ დაპირისპირება და ლანძღვა უნდა „დამთავრდეს“. „დამთავრება“ კი უნდა შეეხოს სატელევიზიო ეთერებსაც.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 26 აპრილს საჯარო განცხადება გაავრცელა. უწყება დაუშვებლად მიიჩნევს მოსამართლეთა მიმართ იმ კრიტიკულ გამონათქვამებს, რაც ბოლო პერიოდში მათ მიმართ გაისმოდა.. ამავე წერილში აღნიშნულია ისიც, რომ ეთიკური პრინციპების დარღვევის გამო, ეთიკის ქარტია  ჟურნალისტებისთვის სანქციას არ აწესებდა..

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მსგავს შეზღუდვებს ცენზურის დაწესების მცდელობად მიიჩნევს და აცხადებს, რომ გამოხატვის თავისუფლების არსებული სტანდარტი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუარესდეს.