სტუმრად ნარგიზ ტაბატაძესთან

ია ქელეხსაშვილი

ქალბატონს, რომელზეც დღეს გვინდა გიამბოთ, საზოგადოება და ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს საზოგადოებრივი საქმიანობიდან, ის არის „ქალთა საბჭოს“ ქვემო ქართლის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე, საქართველის „ქალთა საბჭოს“ ბიუროს წევრი. მას კარგად იცნობენ საქველმოქმედო აქციებით და მისი შემოქმედებით, თუმცა დღეს ნარგიზ ტაბატაძის ახალ საქმიანობაზე გვინდა თქვენი ყურადღება შევაჩეროთ.

ქალბატონმა ნარგიზმა სულ რამდენიმე ხნის წინ თოჯინების შექმნა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ეს სრულიად უცნობი სფერო იყო, თავი შესანიშნავად გაართვა და მშვენიერების სამყაროს კარი კიდევ ერთხელ შეაღო.

ხელნაკეთი ნივთების და ნახატების გამოფენა საზოგადოებამ უკვე იხილა საგამოფენო დარბაზ „ვაჩეში“, იქ მისული დამთვალიერებელი აღფრთოვანებას ვერ მალავდა სხვადასხვა სურათების და ნივთების ხილვისას.

ლამაზად გაფორმებული ჭიქები, საკუთარი ხელით მოხატული ულამაზესი თეფშები და ნახატები – მშვენიერების სამყაროს კარი მაშინ პირველად გაგვიღო ნარგიზ ტაბატაძემ და მას მერე დამთვალიერებელი ვერ ივიწყებს ხელოვნების მის მიერ შექმნილ ნიმუშებს.

ამ ყველაფერს კი უთავსებს ქველმოქმედებას, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას და რაც ყველაზე მთავარია – დიდი ოჯახის (ქალბატონ ნარგიზს 4 შვილი და 7 შვილიშვილი ჰყავს)  მოვლას.

ქალბატონი ნარგიზი ამდენი საქმის მიუხედავად სულ ფორმაშია, მოკლედ, მასში შერწყმულია ძლიერი და მომხიბვლელი ქალბატონი, მკაცრი და ამავდროულად უზომოდ თბილი, მოსიყვარულე დედა, ბებია, მეგობარი და თანამშრომელი.

ამ ყველაფერს ახლა თოჯინების შექმნა დაემატა, როცა პირველად გავიგეთ მისი ახალი საქმიანობის შესახებ და ვთხოვეთ საზოგადოებისთვის ახალი ქმნილებები ეჩვენებინა, მოკრძალებული უარი გვითხრა, მაშინ მხოლოდ რამდენიმე თოჯინა ჰქონდა შექმნილი და თუ არსად იტყვით, თქვენ განახებთო. ისე აღგვაფრთოვანა ნანახმა, იმ დღის მერე სულ ვცდილობდით ინტერვიუზე დაგვეყოლიებინა და ჩვენი მკითხველიც შეგვეყვანა მის ზღაპრულ სამყაროში.

როგორც შევთანხმდით საუბარი პირდაპირ მის „ახალ შვილობილებზე“ დავიწყეთ.

-რამ გადაგაწყვეტინათ თოჯინების შექმნა?  

-ინტერნეტით ვნახე ხელნაკეთი თოჯინების გამოფენა, ძალიან მომეწონა და დავინტერესდი, მერე ისევ ინტერნებტში მოვიძიე მასალა, მთელი თვე ვკითხულობდი როგორ იქმნება ხელნაკეთი თოჯინები და გადავწყვიტე მეცადა. დავიწყე პირველი თოჯინის გაკეთება, სიმართლე გითხრათ ძალიან რთულია, მაგრამ არ მჩვევია სირთულეებს გავექცე, ამ დროს ჩემი თავის რწმენა უფრო მემატება, ბევრი ვიწვალე, მაგრამ მაინც მივედი ბოლომდე. მას მერე გავაგრძელე თოჯინების კეთება და უკვე მოთხოვნილებად მექცა.

-პირველი თოჯინა რომელია და რამდენ ხანს მოუნდით მის შექმნას?

-პირველი თოჯინა არის „ქალბატონი ფინტიკოზა“. ერთად დავიბადეთ-ის, როგორც პარსონაჟი და მე, როგორც მეთოჯინე. (იცინის). ვაკეთებდი, დავშლიდი და ისევ ვაკეთებდი, თან სულ ვკითხულობდი. საერთოდ ერთი თოჯინის შექმნას 1-1,5 თვე ვანდომებ, საკმაოდ შრომატევადი საქმიანობაა, მაგრამ ამავდროულად სულიერი. ასე რომ ახლა უკვე სერიოზულად ვმუშაობ და კიდევ გავაგრძელებ.

-როგორ იბადება პერსონაჟი?

-მუშაობის პროცესში. ვიწყებ კეთებას, მაგრამ არ ვიცი ვინ იქნება. ჯერ ვაკეთებ თავს, სახეს და მხოლოდ მერე ჩნდება რა მოუხდება, როგორი თითები, როგორი ჩაცმულობა, ვინ იქნება-ქალი თუ კაცი. გონება და თითები თავად მუშაობენ. ყველა თოჯინა უნიკალურია, ორ ერთნაირს ვერ გავაკეთებ-ყველა მათგანი, როგორც ცოცხალი ადამიანები უნიკალური და ინდივიდუალურია.

-გააკეთეთ თოჯინა, მერე რა ხდება?

-მერე ვუხატავ თვალებს, წარბებს, თმებს, ტანსაცმელსაც მე ვუკერავ, ფეხსაცმელსაც, ასე რომ მთლიანად ჩემი „შვილები“ არიან (იცინის). მერე ვურჩევ აქსესუარებს, ქუდს, მოსასხამს და კიდევ ერთი ახალი ბინადარი ემატება ჩემს სახლს.

-ქალბატონო ნარგიზ,  საკაოდ აქტიური ქალბატონი ხართ, საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმიანობა, ქველმოქმედება, დიდი ოჯახი-როგორ ანაწილებთ დროს და როგორ ახერხებთ სახლშიც კი ფორმაში იყოთ?

-აბა რა გითხრათ, დროის განაწილებაც ალბათ შემოქმედებაა. ხელნაკეთ ნივთებს ვქმნი ღამე, ხან მთელი ღამეები ვმუშაობ, დანარჩენს კი დღე ვასწრებ. უბრალოდ უნდა გიყვარდეს ყველაფერი რასაც აკეთებ, ყველა საქმე, რასაც ხელს მოკიდებ გულიდან უნდა მოდიოდეს და სიამოვნებას განიჭებდეს. უკვე წლებია ასე ვცხოვრობ და მსიამოვნებს რასაც ვაკეთებ. ბედნიერი ვარ როცა თუნდაც მცირე ქველმოქმედებით ვიღასაც ვახარებ, ამაყი ვარ როცა საზოგადოებრივი საქმიანობის დროს რაღაც ახალი და კარგი კეთდება, უბედნიერესი ვარ, როცა ჩემი შვილები და შვილიშვილები ჩემთან არიან, რაც შეეხება ფორმაში ყოფნას, ეს აუცილებელია, თავადაც მსიამოვნებს და სხვებსაც.

-18 მაისს თვილისში ხელნაკეთი თოჯინების საერთაშორისო ფესტივალი ტარდება, ხომ არ გეგმავთ მიიღოთ მონაწილეობა?

-ჯერ დანამდვილებით ვერაფერს გეტყვით. დამიკავშირდნენ და ერთი თოჯინა შეარჩიეს. ვნახოთ, იქამდე ჯერ კიდევ დროა.

-თქვენს სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით,  ხომ არ გეგმავთ ახლა უკვე თქვენი ახალი პერსონაჟები გააცნოთ საზოგადოებას და პერსონალური გამოფენა კიდევ ერთხელ მოაწყოთ?

-დიახ, ივლისში ვგეგმავ პერსონალურ გამოფენას. ვნახოთ რა იქნება.

-დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებთ. ჩვენს მკითხველს კი თქვენი მშვენიერი ზღაპრული სამყაროს კარს ვუღებთ.