მურუსიძე: მე არამარტო 14 წევრის მხარდაჭერა მაქვს…

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე მოსამართლედ მის უვადო დანიშვნასთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს სპეკულაციებს უწოდებს. ამის შესახებ მურუსიძემ “იმედის კვირასთან” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მხოლოდ ლევან მურუსიძეზე არ უნდა იყოს მსჯელობა, რადგან მას ისევე როგორც სხვა მოსამართლეებს, უვადო მოსამართლედ გახდომის თანაბარი პერსპექტივა აქვთ.

“თუ კანონი იმ კატეგორიაში მყოფ მოსამართლეებს, რა კატეგორიაშიც მე ვიმყოფები შეეხება და გადაინიშნება უვადოდ, ბუნებრივია, რომ ეს კანონი შეეხება მურუსიძესაც. სხვა შემთხვევაში შეიძლება ჩავწეროთ და მივიღოთ ისეთი კანონი, სადაც ითქმება, რომ ეს კანონი შეეხოს ყველას, გარდა ლევან მურუსიძისა”, – განაცხადა მურუსიძემ.

ამასთან, იუსტიციის საბჭოს მდივნის თქმით, უვადო მოსამართლედ დანიშვნა მისი პირადი ინიციატივა რომ ყოფილიყო, ამ საკითხს განსახილველად რამდენიმე თვის წინ დააყენებდა სხდომაზე. მისი თქმით, საზოგადოება უნდა დაელოდოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას.

“მე არამარტო 14 წევრის მხარდაჭერა მაქვს, მე ვარ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, რომელსაც სასამართლო კორპუსის აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი ფარული კენჭისყრით”.