მაკრონს არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს საქართველის პრეზიდენტმა და პრემიერმა

საფრანგეთის ახალმა პრეზიდენტმა მილოცვები  საქართველოდან მიიღო. ემანუელ მაკრონს არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს საქართველის პრეზიდენტმა და პრემიერმა.

გიორგი მარგველაშვილი:

თქვენო აღმატებულებავ,

მსურს გულითადად მოგილოცოთ საფრანგეთის რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება და გისურვოთ წარმატებები თქვენს სახელმწიფოებრივ საქმიანობაში.
დღევანდელი არჩევანით ფრანგმა ხალხმა დაადასტურა თქვენდამი განსაკუთრებული ნდობა და სწრაფვა კეთილდღეობისა და შემდგომი განვითარებისათვის. ეს არის არჩევანი ძლიერი საფრანგეთისა და ძლიერი ევროპის მხარდასაჭერად, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი საერთო ევროპული ოჯახის მომავლისათვის. თანამედროვე, სირთულეებითა და გამოწვევებით სავსე მსოფლიოში სწორედ საფრანგეთი წარმოადგენს დემოკრატიის ერთ-ერთ სიმბოლოსა და საყრდენს. მჯერა, რომ თქვენი პრეზიდენტობა კიდევ უფრო წარმოაჩენს და გააძლიერებს ამ უმნიშვნელოვანეს და საპატიო მისიას.
ჩვენს ხალხებს შორის ისტორიულ-კულტურული კავშირები საუკუნეებს ითვლის, რამაც უზრუნველყო ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობა და განაპირობა ჩვენი სამხედრო კონტიგენტების ურთიერთთანადგომა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს და შესაბამისად, ვაძლიერებთ ჩვენს საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას. საფრანგეთი საქართველოსთვის სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერია. წელს ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილეს ვზეიმობთ და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი პრეზიდენტობა ამ თანამშრომლობას კიდევ უფრო გააძლიერებს.
თქვენო აღმატებულებავ, მინდა კიდევ ერთხელ გადმოგცეთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა და გისურვოთ წარმატებები თქვენი მშვენიერი ქვეყნის კეთილდღეობისა და ევროპის ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი მომავლისათვის.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კი საფრანგეთის ახალ პრეზიდენტს ტვიტერზე მიულოცა და იმედი გამოთქვა სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობის.