დუშეთში 102 წლის ვეტერანს მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს

ვაჟა თანიაშვილი

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა – ვაჟა ჩოხელმა, მეორე მსოფლიო ომის ადგილობრივ ვეტერანებს უმასპინძლა, ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა და მუნიციპალიტეტის სახელით დაასაჩუქრა. მან პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილთან და დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე- გივი ზურაბაშვილთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

გამარჯვების 72-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ვეტარანებისა და დაღუპული გმირების საპატივცემულოდ, ადგილობრივმა ახალგაზრდებმა სხვადასხვა მუსიკალური ნომრები შეასრულეს და ლექსები წაიკითხეს. ვაჟა ჩოხელმა და ზაქარია ქუცნაშვილმა მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადეს, ისაუბრეს გამარჯვებაში ქართველების ღვაწლზე, ვეტერანთა კეთილდღეობისა და დაღუპულთა ხსოვნის მნიშვნელობაზე. ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, აგრეთვე ესწრებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე- ბექა ღარიბაშვილი, გამგეობის სხვდასხვა სამსახურის თანამშრომლები, საკრებულოს დეპუტატები, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების დუშეთის დღის სოციალური ცენტრის მოხალისეები და ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს უფროსი – გოჩა ნაყეური.

ღონისძიების შემდეგ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაბა ჟინვალში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს- ხვთისო ლომაშვილს ესტუმრნენ, რომელსაც დღეს 102 წელი შეუსრულდა, მოინახულეს, მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.