,,ერთი დღე პროკურორად“

მთავარმა პროკურატურამ პროექტის ,,ერთი დღე პროკურორად“  ფარგლებში სტუდენტებს უმასპინძლა

 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პროექტის ,,ერთი დღე პროკურორად“  ფარგლებში თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს უმასპინძლა.

ორდღიანი ღონისძიების  ფარგლებში სტუდენტები  საქართველოს პროკურატურის ისტორიას, სტრუქტურას, საქმიანობის ძირითად მიმართულებებს და უწყებაში მიმდინარე პროექტებს გაეცნენ. პროექტში მონაწილეობის მისაღებად კონკურსის წესით შერჩეული სტუდენტები  პროკურატურის წარმატებულ სტაჟიორს შეხვდნენ და პროკურატურაში სტაჟირების სისტემისა და წესის შესახებ პირადად მისგან მოისმინეს ინფორმაცია. სტუდენტები საქართველოს პროკურატურის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში  პროკურორის ერთ სამუშაო დღეს და საპროკურორო საქმიანობის განხორციელების პროცესს აკვირდებოდნენ.

პროექტის დასასრულს, საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ მოადგილესთან გიორგი გოგაძესთან ერთად, სტუდენტებს პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადასცა.

საქართველოს პროკურატურა მადლობას უხდის ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციას (ELSA), რომელიც აქტიურად იყო ჩართული პროექტის ორგანიზებაში და პროექტში მონაწილე სტუდენტების შესარჩევ კონკურსში.

საქართველოს პროკურატურა პროექტის ,,ერთი დღე პროკურორად“  განხორციელებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც გეგმავს.