„შევთანხმდით, რომ დროულად მოვისმენთ მერიის მხრიდან პრობლემის მოგვარების ხედვას”

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის წევრებმა მერიის სსიპ ,,ქონების მართვის სააგენტოს“ წარმომადგენელს მოუსმინეს.

კომისიის წევრებმა მერიის სსიპ ,,ქონების მართვის სააგენტოს“ წარმომადგენლისაგან თბილისის ტერიტორიაზე არსებული იმ შენობა-ნაგებობების შესწავლა/ანალიზის მიმართულებით მოისმინეს ინფორმაცია, სადაც მრავალი წლის მანძილზე კანონიერი უფლების გარეშე ალტერნატიული საცხოვრებლის არმქონე პირები ცხოვრობენ.
კომისიის თავმჯდომარე შეხვედრაში მონაწილე კომისიის წევრებთან ერთად მოცემული შენობა-ნაგებობების შემდგომ განკარგვასთან დაკავშირებით სააგენტოს პოზიციით დაინტერესდნენ.

როგორც გულიკო ზუმბაძემ აღნიშნა, მოცემული მიმართულებით სააგენტოს საკმაოდ სერიოზული სამუშაო აქვს განსახორციელებელი.  მისივე თქმით, საკითხი საკმაოდ მწვავე და პრობლემურია, რის გამოც სწრაფ და ეფექტურ მოგვარებას საჭიროებს.

-“სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, შევთანხმდით, რომ მერიის ქონების მართვის სამსახური, გონივრულ ვადებში, წარმოგვიდგენს ჩვენი მოქალაქეებისათვის ფაქტიური საცხოვრებელი ფართების კანონიერი საკუთრების უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით გატარებულ ღონისძიებებს შესახებ და ზოგადად, მერიის მხრიდან პრობლემის მოგვარების ხედვას”-განაცხადა  გულიკო ზუმბაძემ.

კომისიის მორიგი სამუშაო შეხვედრა მიმდინარე წლის ივნისის თვეში ჩატარდება.