გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია დანიის შიდა გვარდიის მედლით დაჯილდოვდა

საქართველოს შეიარაღებული ძლების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას დანიის სამეფოს შიდა გვარდიის უწყებრივი მედალი „უმწიკვლო სამსახურისთვის“ გადაეცა.

გენერალური შტაბის უფროსს საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო საქართველოში ვიზიტით მყოფმა დანიის სამეფოს შიდა გვარდიის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ფინ უინკლერმა პირადად გადასცა.

დაჯილდოების შემდეგ მხარეებს შორის ოფიციალური შეხვედრა გაიმართა. დანიის სამეფოს შიდა გვარდიის მეთაურმა გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის სამხედრო პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. გენერალ-მაიორი ფინ უინკლერი დაკავებულ თანამდებობას ტოვებს და შესაბამისად, დანიის სამეფოს შიდა გვარდიის მეთაურის სტატუსით საქართველოში უკანასკნელად იმყოფება.