„მემარცხენე ალიანსმა“ სარეფერენდუმო კომისიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

„მემარცხენე ალიანსის” ლიდერებმა და პარტიის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ელზა ჯმუხაძემ დღეს საქალაქო სასამართლოში სარეფერენდუმო კომისიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. პარტიის ლიდერები ასაჩივრებენ სარეფერენდუმო კომისიის გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ მან არ დააკმაყოფილა პარტიის მოთხოვნა და სარეფერენდუმოდ მომზადებული საკითხი მიწების უცხოელებზე გასხვისების აკრძალვასთან დაკავშირებვით. ინიცირებული რეფერენდუმის მიხედვით თვითმმართველობის არჩევნებზე ბიულეტინს ერთი კითხვა უნდა დამატებოდა: უნდა გაიყიდოს თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები?

„ჩვენ ვასაჩივრებთ სარეფერენდუმო კომისიის მოღალატეობრივ, უკანონო და ანტიქართულ გადაწყვეტილებას,  რომელიც მან ორი დღის წინ დახურულ კარს მიღმა მიიღო და არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა მიწების გასხვისების აკრძალვის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით. ჩვენ, „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერები, გავაგრძელებთ ბრძოლას მანამ, სანამ დებულებები არ შევა საქართველოს კონსტიტუციაში და სხვა კანონებში, რომ უცხოელებზე ქართული მიწების გაყიდვა იქნეს აკრძალული“, – განაცხადა პარტია „მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარე კახა ძაგანიამ.