26 მაისს საქართველოს რეგიონებში სამინისტროები ორიგინალურ ღონისძიებებს ჩაატარებენ

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი 26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით მოსახლეობას ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილ ორიგინალურ ღონისძიებებს პირდება. როგორც მაია ცქიტიშვილი აცხადებს,  დამოუკიდებელი დღე  ფიცის დადების ცერემონიალით გაიხსნება. შემდეგ რუსთაველის გამზირზე  ჩატარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, იქნება მოწყობილი ბავშვთა კუთხეები, სადაც მოზარდებისთვის ვიქტორინა ჩატარდება.  შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით 26 მაისის ღონისძიებები გაიმართება ლოზუნგით:  “მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ!”  80-მდე ბიზნესკომპანია ჩართული იქნება განსხვავებულ  წარმოდგენებში. ისინი სწორედ “ვეფხისტყაოსნის” თემატიკასთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის პროდუქციას წარმოადგენენ, რომელსაც თავისებური სიმბოლური დატვირთვა ექნება.

თბილისის გარდა რეგიონებშიც არის განსხვავებული  პროგრამა წარმოდგენილი. სხვადასხვა კუთხეებში სამთავრობო უწყებები, ძირითადად სამინისტროები იქნებიან ჩართული 26 მაისის ღონისძიებებში, კერძოდ, თელავში შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს კონცეფციას “უსაფრთხო ქალაქი”, სადაც როგორც მოზარდებისთვის ასევე უფროსებისთვის საინტერესო შინაარსის  ღონისძიების ჩატარება იგეგმება,  ოზურგეთში იუსტიციის სამინისტრო “ვეფხისტყაოსნის” თემაზე წარადგენს საკუთარ შესაძლებლობებს, გორში ევროინტეგრაციის სამინისტრო  ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე მიაწვდის მოსახლეობას ინფორმაციას, სამცხეში, ახალციხის რაბატში  მე-12 საუკუნე  იმ ვითარებაში გაცოცხლდება, რომელ ეპოქაშიც შოთა რუსთაველი მოღვაწეობდა. ქუთაისში ენერგეტიკის სამინისტრო ცოცხალ, ელექტრონულ  მუსიკას მოასმენინებს ქუთათურებს, ფოთში განათლების სამინისტრო პროფესიული სასწავლებლების მიერ შექმნილი პროდუქტების გამოფენას მოაწყობს, მცხეთაში სოფლის მეურნეობის სამინისტრო წარმოადგენს სხვადასხვა პროდუქციის გამოფენას. გაცოცხლდებიან ვეფხისტყაოსნის გმირები, იქნება არქეოლოგიური გათხრების სიმულაცია. ხელნაწერთა ცენტრი გამოფენს ძველ ხელნაწერებს.