სასტუმროს „არმაზის“ მფლობელის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ გარდაცვლილი ბავშვების მშობლებსაც

ქობულეთში მდებარე ე.წ. ხასანას სასტუმროს („არმაზის“) ერთ-ერთი მფლობელი გარდაცვლილი იპოვეს. ზაზა ართმელაძემ თავი ნახარნძრალ ადგილზე ჩამოიხრჩო. როგორც ზაზა ართმელაძის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, მისთვის გაუგებარია რატომ უნდა მოეკლა თავი, როცა მალე სრულდებოდა საქმის განხილვა და გამამართლებელ განაჩენს ელოდნენ.

 -“საშინელება მოხდა:

ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა, ზაზა ართმელაძემ დღეს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

გაოგნებული ვარ, უპატიოსნესი ადამიანი იყო; როგორ გვიხაროდა მისი გათავისუფლება.

როგორ აწამეს და დატანჯეს ეს უდანაშაულო ადამიანი;

მალე სულ ვამთავრებდით მისი საქმის განხილვას, ერთად ველოდებოდით გამამართლებელ განაჩენს.

ვერ აიტანა ამდენი უსამართლობა ამ წესიერმა ადამიანმა!-აცხადებს კაკაბაძე.

როგორც ირკვევა თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ სასტუმროში გარდაცვლილი ბავშვების მშობლებსაც. ისინი უფლებადამცველ ნიკა მემანიშვილს დაუკავშირდნენ.

-„ქობულეთში გარდაცვლილი ბავშვების მშობლები დამიკავშირდნენ. აღშფოთებულები არიან პროკურატურის მიდგომით საქმისადმი. პირად საუბარში დააფიქსირეს, რომ მათ არ სჯერათ, თითქოს იმ სასტუმროს მფლობელმა თავი მოიკლა და ამაში სპეცსამსახურებს ადანაშაულებენ…

დღეს უნდა შევხვდეთ და დავგეგმავთ როგორ ვიმოქმედოთ. გარდაცვლილი ბავშვების მშობლებს სურთ აქცია გამართონ პროკურატურასთან და მთავარ პროკურორთან შეხვედრა მოითხოვონ.

დანარჩენ დეტალებს უახლოეს მომავალში მოგახსენებთ“-ამბობს მემანიშვილი.

ჩვენ დამატებითი დეტალების გასაგებად ნიკა მემანიშვილს დავუკავშირდით.

-„ამაზე მეტს ჯერ ვერაფერს გეტყვით, მშობლები ფიქრობენ რომ ართმელიძეს თავი არ ჩამოუხრჩვია. მიაჩნიათ, რომ სასტუმროში გაჩენილ ხანძართან მეპატრონე არაფერ შუაშია. მე კიდევ უნდა გავესაუბრო მათ და სიახლეებს აუცილებლად მივაწვდი თქვენს მკითხველს“-გვითხრა უფლებადამცველმა.

შეგახსენებთ, რომ სასტუმრო “არმაზში” 2015 წლის 10 მაისს გაჩენილ ხანძარს რუსთავის ქორეოგრაფიული ანსამბლის “სიხარული 2”-ის სამი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.