მეუფე პეტრეს პირველი კომენტარი ედიშერ ქარჩავას სკანდალურ განცხადებაზე

საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა დღეს საკმაოდ სკანდალურ განცხადებებს აკეთებს, მისი თქმით მეუფე პეტრეს ჰქონდა სურვილი პატრიარქი მოეკლა.

-„ვასახელებ მეუფე პეტრეს, რომ მას სურვილი ჰქონდა, რომ პატრიარქი მოეკლა. მეუფე პეტრე სავარაუდოდ აქტიურად იყო ჩართული პატრიარქის მოკვლის მცდელობაში. რაც შეეხება მის თანამზრახველებს, კონკრეტულ სახელებსა და გვარებს ვერ დავასახელებ, თუმცა ერთ-ერთი ახლა ციხეშია. საუბარია გიორგი მამალაძეზე.

ციანიდის საქმე არის დიდი სურათის ფრაგმენტი და ერთ-ერთი შემოქმედი არის მეუფე პეტრე. ის ჩემი მეგობარი იყო და დღეს მისი ადვოკატი ვარ მარტვილის წყლებში, მაგრამ ვინც ეკლესიას და პატრიარქს დაუპირისდება, ის ჩემი მეგობარი არ არის. მე წმინდა სინოდის წინაშე დავაყენებ მეუფე პეტრეს და მისი მომხრეების განკვეთის საკითხს“-განაცხადა ქარჩავამ.

ქარჩავამ მეუფის პირდაპირ ეთერში ჩართვამდე დატოვა სტუდია და განაცხადა, რომ არ სურს არავისთან დებატებში შესვლა.

-ადამიანთან, რომელიც ასეთი ცილისწამებით გამოირჩევა, არის ნამდვილად დემონური არც მე ვისურვებდი პოლემიკაში ესვლას. ადამიანებს დღეს ნუგეშის საცემლად დარჩა მხოლოდ დედა ეკლესია და ესეც უნდათ წაართვან. ქარჩავა თავისი განცხადებებით ახმოვანებს შორენა თეთრუაშვილის აზრებს. ღმერთმა დაიფაროს, რომ ვინმემ დაიჯეროს, რომ ამ ყველაფრის უკან დგას პატრიარქი, ამას ვერ დავიჯერებ. ქარჩავამ უკვე არაერთხელ იცრუა ტელევიზიებშიც. სწორედ თეთრუაშვილი და მისი მომხრეები არიან დემონური დაჯგუფება. 2015 წლის დეკემბრის მეორე ნახევარში მამა გიორგის უკვე ჰქონდა მამხილებელი წერილი, რომელიც ფინანსურ დარღვევებს ასახავდა და უნდოდა სინოდის წინაშე წარსდგომა, მაგრამ ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ მამა გიორგი ვერ წარსდგა ამ წერილით სინოდის წინაშე. როგორ ფიქრობთ, ქარჩავა რომ ამბობს, რომ მამა გიორგის არც კი იცნობდა, ამ პერიოდში, როცა მამა გიორგი პატრიარქის კურთხევით იკვლევდა ფინანსურ დარღვევებს არ უნდა სცნობოდა?

ეს ყველაფერი ხდება პეტრიარქის დისკრედიტაციისთვის და რუხი კარდინალის გადარჩენისთვის. „ცოდვა გამხელილი“ სჯობს, თუ ამ ყველაფერი უსამართლობის უკან დგას პატრიარქი, უნდა იცოდეს საზოგადოებამ, უფალმა დაიფაროს ასეთი რამ, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას. კიდევ გეუბნებით, მე არ მჯერა და ღმერთმა დაიფაროს.

ეს ცილისწამება არის მორიგი გვირგვინი, მე ვიცი, რომ თუ სიმართლეს იტყვი, ბოლომდე სიმართლე უნდა დაიცვა. ჩვენი მიზანია ეკლესიის არაჯანსაღი ძალებისგან გათავისუფლება“-განაცხადა მეუფემ „პირველის“ ეთერში.