„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც კოალიციამ „განათლება ყველასათვის – საქართველო“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამართეს.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველოს“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში პირველად ხორციელდება და მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ – ნაწილია.

„ეს გახლავთ არაჩვეულებრივი ინიციატივა, რომელიც პედაგოგის პროფესიულ მოტივაციას, ზოგადად, პროფესიის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს და, რაც მთავარია, ჩვენ გავხდებით გლობალური მასშტაბით მსგავსი ინიციატივების წევრი და ქართველ პედაგოგებს სამომავლოდ შეეძლებათ საერთაშორისო დონეზე მნიშვნელოვან კონკურსებში მონაწილეობის მიღება. მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით, როცა კერძო სექტორი და ფილანტროპები მსგავ ინიციატივას ეხმარებიან, ეს არის განსაკუთრებით მისასალმებელი, ეს კერძო და საჯარო სექტორის განვითარებას უწყობს ხელს. მსურს მადლობა გადავუხადო აღნიშნული ღონისძიების თითოეულ ორგანიზატორს და მხარდამჭერს – ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ორგანიზატორთა განცხადებით, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის მათ წარდგენას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას, კამპანიამ საზოგადოებას თვალნათლივ უნდა დაანახოს მასწავლებლის შრომის ფასი და ხელი შეუწყოს მის პოპულარიზაციას.

პრეზენტაციაზე, რომელიც თბილისში, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში გაიმართა, საზოგადოებას მიაწოდეს დეტალური ინფრომაცია კონკურსის პირობების, საკონკურსო კომისიის, კამპანიის ეტაპებისა და მისი მხარდამჭერების, ფინალური ღონისძიებისა და ეროვნული ჯილდოს შესახებ. პრეზენტაციაზე, ასევე, წარადგინეს სპეციალურად კამპანიისთვის შექმნილი საინფორმაციო კლიპი.

კონკურში მონაწილეობა შეუძლია მოქმედ მასწავლებელს, რომელიც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო ან კერძო ავტორიზებულ დაწესებულებაში.
შერჩევის კრიტერიუმებს წარმოადგენს:

  • მოსწავლეების სწავლების შედეგების გაუმჯობესება;
  • სწავლების ინოვაციური და ეფექტური მიდგომების გამოყენება;
  • ზოგადსაკაცობრიო მოქალაქეობრივი ღირებულებებისა და პრინციპების სწავლება;
  • საზოგადოებრივი აღიარება და სამოქალაქო აქტივობა;
  • პროფესიული განვითარება და გამოცდილების გაზიარება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველი მასწავლებლების რეგისტრაცია ვებგვერდზე –http://www.tprize.ge  31 მაისიდან 14 ივლისის ჩათვლით განხორციელდება. ამის შემდეგ კი, კონკურსანტთა შერჩევის სამ ეტაპიან პროცესს 17 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური წარმართავს. ჟიურიში შედიან განათლების სპეციალისტები, მეცნიერები, პედაგოგები და მედიის წარმომადგენლები.

კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება, მეორე ეტაპისთვის გამოვლინდება კონკურსანტთა ათეული, ხოლო მესამე ეტაპზე, მიმდინარე წლის 20 სექტემბერს, ცნობილი გახდება იმ ხუთი ფინალისტის ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთი, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ პირველი მფლობელი გახდება, გარდა ამისა, მას, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – ინა გუდავაძე-პატარკაციშვილისგან 10 000 ლარი გადაეცემა.