„ვფიქრობ, ამერიკაში ხელის ჩამორთმევის გამო, არავის დააკავებდნენ…გაირკვევა…”

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებულ სპორტსმენს ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა – ამის შესახებ „ფეისბუქში“ მის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული. ამასთან, სოციალურ ქსელში აღნიშნულია, რომ საქმე რამდენიმე კვირაში გადაიხედება.

სპორტსმენების დაკავებას ალექსანდრე ჯეჯელავა ეხმაურება.

„სახელმწიფო უწყებები აქტიურად არიან ჩართული ნიუ-იორკში დაპატიმრებული ქართველების საქმეში“, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ქართველ სპორტსმენებს ადვოკატის ყოლისა და თავის დაცვის ყველანაირი საშუალება აქვთ. მინისტრი დარწმუნებულია, რომ თუ დაკავება რაიმე გაუგებრობას უკავშირდება, ეს უახლოეს პერიოდში გაირკვევა.

„ვფიქრობ, ამერიკაში ხელის ჩამორთმევის გამო, როგორც გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, არავის დააკავებდნენ და თუ გაუგებრობაა მომხდარი აუცილებლად გაირკვევა უახლოეს მომავალში“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

დააკვებული ავთანდილ ხურციძის დედა კი აცხადებს, რომ მას საქართველოს ხელისუფლებიდან ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. იგი ქართულ მხარეს დახმარებას სთხოვს.