“ლიტვა აქეზებს საქართველოს ხელმძღვანელობის რევანშისტულ განწყობას”

აფხაზეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ლინკევიჩუსს პასუხობს.

საქართველოში ვიზიტით მყოფი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი დღეს სამეგრელოს ეწვია. უცხოელი დიპლომატი აფხაზეთის ე.წ. საზღვარზე არსებულ ვითარებას ხურჩასა და ენგურის ხიდზე გაეცნო. მინისტრის თქმით, რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ მეზობელი ქვეყნის ანექსია უპასუხოდ არ დარჩება და ამას სათანადო შედეგები მოჰყვება. მისივე თქმით, რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ მეზობლის ტერიტორიების მითვისება არ დარჩება შედეგების გარეშე, ამ ქმედებებს შესაბამისი შედეგები მოჰყვება.

-„დასანანია ასევე ის საერთაშორისო დანაშაული, რომელიც სახეზეა, რაც გამოიხატება დამოუკიდებელი სახელმწიფოს ანექსიაში, საზოგადოების შუაზე გახლეჩაში, რაც ადამიანებს პრობლემებს უქმნის. ჩემი შეფასებით, ეს ძალიან დასანანი და სამწუხაროა“-განაცხადა ლინკევიჩუსმა.

მის განცხადებას აფხაზეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. განცხადება Apsnypress გაავრცელა.

“ასეთ ვითარებაში, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიცია, მოულოდნელი არ ყოფილა. ის მხოლოდ და მხოლოდ დამატებითი და ნათელი დადასტურებაა დასავლეთის ქვეყნების ანგარიჟირებული პოლიტიკისა. გვსურს შევახსენოთ ბატონ მინისტრს, რომ ლიტვა ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც აქტიურად მონაწილეობს საქართველოს არმიის მოდერნიზებაში, გადასცემს მას სხვადასხვა შეიარაღებას და ამით აქეზებს საქართველოს ხელმძღვანელობის რევანშისტულ განწყობას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში. ამასთან, ლიტვა 2008 წლის სისხლიანი მოვლენების თანამონაწილეა, რომელიც სააკაშვილის დანაშაულებრივმა რეჟიმმა წამოიწყო. ცნობილია, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ლიტვის საგარეო პოლიტიკა ანტირუსულ ისტერიკაზეა აგებული. გვსურს დავარწმუნოთ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომ მის მიერ აფხაზეთთან დაკავშირებული განცხადება პოპულისტურია და ჩვენი რესპუბლიკის მომავალ განვითარებაზე გავლენას ვერ მოახდენს. უფრო მეტიც, აფხაზეთი გეგმავს განავითაროს და გააძლიეროს რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობა”, – ნათქვამია დეფაქტო საგარეო უწყების განცხადებაში.