ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

ახალი საკანონმდებლო რეგულაციების მიხედვით უნდა შეიცვალოს მცირე და დიდი ოდენობით მარიხუანას დოზები. 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანას მომხმარებელს, დამამზადებლს ან გამავრცელებელს საპატიმრო სასჯელი აღარ შეეხება და სავარაუდოდ, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ან 500 ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს. დიდი ან განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში კი საპატიმრო სასჯელი თითქმის ნახევრდება.

დოზები შეიცვლება ნედლი მარიხუანას შემთხვევაშიც. 140 გრამამდე მცირე, 1 კილომდე დიდი, უფრო მეტის შემთხვევაში კი განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნივთიერებად ჩაითვლება. დიდი ოდენობით მარიხუანას შენახვა-გავრცელებისთვის სასჯელი 3 წლამდე, განსაკუთრებით დიდი ოდენობის დროს კი 12-ის ნაცვლად 6 წლამდე პატიმრობა იქნება.

კანონპროექტის მხარდაჭერის მიუხედავად, ოპოზიცია იმ მიზეზებზეც საუბრობს, რომელთა გამოც მმართველი გუნდი იძულებული გახდა საკითხი დღის წესრიგში დაეყენებინა. საპარლამენტო უმცირესობაში თვლიან, რომ ამ თემაზე დისკუსიის განახლებით, მმართველი გუნდი გასულ კვირას, რეპერების სკანდალური დაკავების გადაფარვას ცდილობს.