საგადასახადო სისტემა – მთავრობაშიც ერთიანი პოზიცია არ არის

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კონსტიტუციის 94-ე მუხლთან ანუ თავისუფლების აქტთან დაკავშირებით ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის მოთხვნას პასუხობს. მისი განცხადებით, რეფერენდუმის გარეშე საგადასახადო სისტემაში ცვლილებების შეტანა შეუძლებელი იქნება.

“სულ მცირე, კონსტიტუციაში იქნება გრძელვადიანი დათქმა, რის საფუძველზეც რეფერენდუმის გარეშე შეუძლებელი იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში ცვლილებების შეტანა საგადასახადო სისტემაში. არის ორი ალტერნატიული ინტერესი და ორი ალეტერნატიული არგუმენტაცია – მმართველობითი და სამართლებრივი კუთხით. რა თქმა უნდა, უმჯობესია ასეთი ნორმა არ არსებობდეს კონსტიტუციაში იმიტომ, რომ დაკავშირებულია საპარლამენტო სუვერენიტეტის პრინციპთან, მთავრობის კომპეტენციების შესაბამისად მოწესრიგების პროცესთან. მეორე მხარეს დგას ეკონომიკური ინტერესები. ჩვენი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ გაგრძელდეს მაღალი ტემპით ეკონომიკური განვითარება, შევინარჩუნოთ მდგრადი განვითარების დინამიკა. ამიტომ აუცილებელია ის გზავნილი, რომელიც ჩადებულია კონსტიტუციაში გადასახადების ხელშეუხებლობის კუთხით, დარჩეს ძალაში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გასულ კვირას თორმეტმა ბიზნესასოციაციამ და 8 არასამთავრობო ორგანიზაციამ კონსტიტუციაში 94-ე მუხლის უცვლელად დატოვება ითხოვეს. ისინი აცხადებენ, რომ ეს აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და განვითარებისთვის, სტაბილური ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შენარჩუნებისათვის. როგორც ირკვევა მთავრობაშიც არ არის ერთიანი პოზიცია, მაგალითად, ფინანსთა მინისტრმა მიანიშნა, რომ კონსტიტუციის 94-ე მუხლი არ არის სრულყოფილი. რაც შეეხება ამ მუხლის გაუქმების ინიციატორებს – სოციალ დემოკრატები აცხადებენ, რომ ჩანაწერი მნიშვნელოვნად ზღუდავს საკანონმდებლო ორგანოს პასუხისმგებლობას და ვალდებულებას, განსაზღვროს ქვეყნის საგადასახადო და ეკონომიკური პოლიტიკა და ბიზნესგაერთიანებებს 19 ივნისს დისკუსიას სთავაზობენ.

2010 წელს საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლში გაჩნდა ჩანაწერი, რომ ახალი საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის შემოღებისთვის ან უკვე არსებული გადასახადების განაკვეთის გაზრდისთვის (გარდა აქციზისა) რეფერენდუმის ჩატარებაა აუცილებელი. ამ პროცესის უფრო დეტალური გაწერისთვის შეიქმნა ორგანული კანონი ეკონომიკური თავისუფლების შესახებ. ეს საკანონმდებლო ნორმა არის გარანტი, რომ ქვეყანაში მოსახლეობის თანხმობის გარეშე მთავრობა გადასახადებს არ გაზრდის. უფლება ძალაში 2013 წელს, გიორგი მარგველაშვილის მიერ ფიცის დადებისთანავე შევიდა.