„აღფრთოვანებული არ ვარ ამ ვარიანტით, მაგრამ მთავარია, რომ კომპრომისი შედგა…”

საპარლამენტო უმრავლესობამ დახურულ კარს მიღმა კიდევ ერთხელ განიხილა საკონსტიტუციო ცვლილებები და ვენეციის კომისიის პოზიციის გაცნობის შემდგომ დახურულ შეხვედრაზე გარკვეულ შეთანხმებას მიაღწია.

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ პოზიციების შეჯერება მოხდა და ხელისუფლება არჩევნებზე ერთიანი პოზიციით წარსდგება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ნუკრი ქანთარიას ინფორმაციით, შეხვედრაზე რამდენიმე პრინციპული საკითხის განხილვა მოხდა. მათ შორის, პრეზიდენტის არჩევნების წესის, საარჩევნო ბარიერის დაწევა და ა.შ.

„შედგა საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება, გამოიძებნა კომპრომისი და ხელისუფლება ერთიანი პოზიციით გამოვა არჩვენებზე. როგორც იცით, რამდენიმე პრინციპული საკითხი იყო, რომელზეც მმართველ გუნდში განსხვავებული პოზიციები იყო, მათ შორის, მაჟორიტარულ არჩვენებთან დაკავშირებით. არაერთხელ ღიად დავაფიქსირე ჩემი პოზიცია და ამ შეხვედრაზეც ეს პოზიცია გავიდა. პრეზიდენტის არჩევა შემდგომ არჩევნებზე მოხდება პირდაპირი არჩევის წესით. მომდევნო საპარლამენტი და საპრეზიდენტო არჩევნები იგივე სისტემით ჩატარდება ანუ 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნები ისევ პირდაპირი არჩევნების გზით ჩატარდება, რადგან ჩვენთვის ამომრჩეველს პრეზიდენტის ხმოსმენის მიერ არჩევის მანდატი არ მოუცია. მოინახა კომპრომისი და 2020 წლისთვის პარტიებისთვის დაწესებული საარჩევნო ბარიერი შემცირდება და დაიწევს 3%-მდე. ეს პარტიების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.

რაც შეეხება იმას, მოხდა თუ არა უმრავლესობის მიერ კონსტიტუციური მონარქიის საკითხის განხილვაც, რაც გუშინ პოლიტიკურ სპექტრში და სამოქალაქო სექტორში სერიოზული განხილვის თემა იყო, როგორც დეპუტატი ქანთარია ამბობს, ამ საკითზე უმრავლესობის შეხვედრაზე გაკვრით იყო საუბარი.

ნუკრი ქანთარიას თქმით, საკითხის განხილვა არ მომხდარა, დებატები არ ყოფილა. მას დიდი დრო არ დათმობია. ანასთან, შეხვედრაზე იყო საუბარი წვრილმან საკითხებზეც.

„კონსტიტუციის პროექტი ძალიან მნიშნელოვანია. უხერხულობა იქნებოდა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით პოზიციების შეთანხმება ვერ მომხდარიყო. ის ფაქტი, რომ არჩევნების იგივე ვარიანტი რჩება, ოპოზიციას საშუალებას აძლევს ბევრი კუდები მოაბას.

ჩემი პოზიცია იყო, იქნებ მაჟორიტარების შემცირებაზე და 2024 წლიდან ორპალატიან პარლამენტზე გვეფიქრა. საბოლოოდ კი, როგორც გითხარით, კომპრომისი მოიძებნა, რაც მდგომარეობს იმაში, რომ 2018-2020 წლისთვის შენარჩუნდება როგორც საპრეზიდენტო, ისე საპარლამენტო არჩევნების არსებული შერეული სისტემა იქნება, იმ დამატებით, რომ 3-%-ზე დავა პარტიებისთვის არსებული საარჩევნო ბარიერი. 2020 წლის შემდეგ ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავა, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ.

რაც შეეხება პირადად, რამდენად კმაყოფილია შეთანხმებით, დეპუტატი ამბობს, რომ აღფრთოვანებული არ არის, რომ ეს ვარიანტი გადის, მაგრამ მთავარია, რომ შეთანხმება მოხდა.