“რაც მიგვაჩნია, რომ. სახიფათოა ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის, იმ ცვლილებებს მხარს არ დავუჭერთ!”

ირმა ინაშვილი

საკონსტიტუციო ცვლილებებში ქართული მიწის დაცვისა და ქორწინების დეფინიციის საკითხები რომ აისახება, არავისზე ნაკლები ძალისხმევა ამაზე არ დამიხარჯავს. ეჭვი არ მეპარება, არის ხალხი, ვინც ჩემზე მეტი გააკეთა, დიდი მადლობა ყველას, მე არავის არ ვართმევ პატარა დამსახურებასაც კი. მათ შორის, არ ვართმევ ამას უმრავლესობას, რომელმაც მიიღო სათანადო ცვლილებები, მაგრამ არსებობს არანაკლებად პრინციპული საკითხი.

ის საარჩევნო სისტემას უკავშირდება. ამაზე დამოკიდებულია, რა ტიპის, რა მენტალიტეტის, რა სულისკვეთების ხელისუფლება მოვა ქვეყნის სათავეში, ამიტომ არანაირად არ შეიძლება საარჩევნო სისტემის თემა დავაკნინოთ და კერძო პარტიულ ინტერესთან დავაკავშიროთ. ეს დღეს ხელისუფლების ინტერესში შედის და ამ პიარ – ანკესს გონიერი ხალხი არ წამოეგება.

საარჩევნო სისტემის თემა მარტო პოლიტიკოსებს კი არა, ამომრჩეველს ეხება, რომელსაც ფუნდამენტურ უფლებას ართმევენ- არჩევნებისადმი რწმენას. ამიტომ საკონსტიტუციო უმრავლესობით აღჭურვილი “ქართული ოცნება” მიწისა და ქორწინების საკითხების დაკანონებისათვის საკმარის ხმებს თავისუფლად მოაგროვებს. ჩემი ხმა არ არავის დააკლდება, რადგან პოზიცია ცნობილია.

მთავარი იყო იდეოლოგიური, საინფორმაციო ბრძოლის წარმართვა და მე ეს გავაკეთე ისე, რომ პირნათელი ვარ ჩემი ხალხის წინაშე. ვიმეორებ, არც სხვებს ვუკარგავ დამსახურებას ამ გზაზე. ბოლოს, ვინც დღეს მაკრიტიკებს იმის გამო, რომ ბოიკოტი გამოვუცხადეთ წარმოდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებს, მას ვეუბნები: მე და ჩვენი ფრაქცია ვიცავთ პარლამენტის წევრის ფიცს. რაც მიგვაჩნია, რომ. სახიფათოა ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის, იმ ცვლილებებს მხარს არ დავუჭერთ და ეს სწორედ საარჩევნო სისტემის ბედს უკავშირდება.