“კარგი შესაძლებლობაა მესამე მოსმენამდე კიდევ ვიმუშაოთ…”

პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე „საქართველოს კონსტიტუციაში  ცვლილებების შესახებ“ და „აჭარის ავტონომური რესპუბლიკის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტები მეორე მოსმენით მუხლობრივად განიხილა და მიიღო

კანონპროექტის წარდგენისას, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ თითოეულ მუხლთან დაკავშირებით გაზრდილია სტანდარტი: „ეს არის რეალური სურათი, რაც არის კონსტიტუციაში“.

პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლის შემდეგ, სიტყვით თანამომხსენებელი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია გამოვიდა.

ეკა ბესელიამ პარლამენტის წევრებს კონსტიტუციურ კანონის პროექტთან დაკავშირებით, მეორე მოსმენისთვის იურიდიული კომიტეტის დასკვნა და პოზიცია გააცნო. მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც დღევანდელ ხანგრძლივ  საკომიტეტო განხილვაში  მონაწილეობა მიიღო.

ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი შესწორებები მეორე მოსმენისთვის, რომლითაც რამდენიმე საკითხი, რომელიც ეხებოდა პრინციპული საკითხებიდან გამომდინარე სამართლებრივ ნორმებს, კიდევ უფრო უკეთესად დარეგულირდა. მადლობა ყველას, ვინც ასე აქტიურად იყო ჩართული განხილვაში,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, დეპუტატებს კიდევ ერთხელ ექნებათ შესაძლებლობა  მეორე მოსმენის შემდეგ დამატებით გადახედონ კონსტიტუციურ კანონპროექტს. 

„ეს იქნება კარგი შესაძლებლობა მესამე მოსმენამდე კიდევ ვიმუშაოთ. ყველას მიეცემა შესაძლებლობა ამ ტექსტზე  ერთად ვიმუშაოთ და ბევრი საკითხი შეიძლება რედაქციულად ისე ჩამოყალიბდეს მესამე მოსმენის დროს, რომ კიდევ უფრო უკეთესი სტანდარტი მივიღოთ“,-აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე მეორე მოსმენით წარმოადგინა „აჭარის ავტონომური რესპუბლიკის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტი, რის შემდეგაც შემოთავაზებულ ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები ცალკეულმა დეპუტატებმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ გამოთქვეს.

დეპუტატების გამოსვლის შემდეგ, რიგგარეშე სხდომაზე, შემაჯამებელი სიტყვით პარლამეტის თავმჯდომარე გამოვიდა.

„დღეს ჩვენ გავდივართ ისტორიული პროცესის მეორე ეტაპს, რომელსაც ჰქვია ევროპული სტანდარტების, ევროპული ტიპის კონსტიტუციის შემუშავება, მიღება და დამტკიცება.

დღეს, ჩვენ მეორე მოსმენენით ვიღებთ ევროპული ტიპის კონსტიტუციას. არაერთხელ აღვნიშნეთ დღეს უკვე, რომ არამარტო კონსტიტუცია არის აგებული საუკეთესო ევროპულ პრაქტიკაზე, არამედ, თითოეული ჩანაწერი, თითოეული ნორმა ამ კონსტიტუციაში არის ზუსტად ამ სტანდარტებზე, საუკეთესო ევროპულ სტანდარტებზე აგებული“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტმა „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტი 115 ხმით, ხოლო „აჭარის ავტონომური რესპუბლიკის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტი 114 ხმით, ერთხმად მიიღო.

ამით პარლამენტის რიგგარეშე სხდომამ მუშაობა დაასრულა.

საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტი კონსტიტუციურ კანონპროექტს მესამე მოსმენით, მიმდინარე წლის საშემოდგომო სესიაზე განიხილავს.