საქართველო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში შეფასების პირველ კალათაშია

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 27 ივნისს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად საქართველო სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის შესაბამის სტანდარტებს და მუდმივ რეჟიმში აგრძელებს თანმიმდევრულ და კოორდინირებულ ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს.

ანგარიშში პოზიტიურად ფასდება როგორც ტრეფიკინგის შემთხვევების გამოძიების, ისე პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და თანამშრომლობის კუთხით გატარებული ღონისძიებები, ასევე სამართალდამცავთა საქმიანობა დანაშაულის პროაქტიულად გამოვლენისა და ტრეფიკიორთა პასუხისგებაში მიცემის კუთხით. ანგარიშში ყურადღებაა გამახვილებული მოწმეთა და დაზარალებულთა კოორდინატორებზეც, რომლებიც ტრეფიკინგის მსხვერპლებს/დაზარალებულებს კონსულტაციას უწევენ და აწვდიან მათ დეტალურ ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმის მსვლელობასთან დაკავშირებით.

აშშ-ის სახელმწიფოს  წლევანდელ ანგარიშში პირველადაა ხაზგასმული ტრეფიკინგთან ბრძოლის საქმეში საქართველოს მიერ გამოვლენილი მტკიცე, შეუქცევადი და მდგრადი ძალისხმევის შესახებ.

საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გაბიტაშვილის თქმით, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, საქართველო 2016 წლის მსგავსად, წელსაც ისევ შეფასების პირველ კალათაშია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს პროკურატურა ადამიანით მოვაჭრეების მიმართ მკაცრ და შეუვალ პოლიტიკას ატარებს. პროაქტიულად ხორციელდება ტრეფიკინგის სავარაუდო მსხვერპლთა იდენტიფიცირება, ყველა შესაძლო ტრეფიკინგის ფაქტზე მყისიერად იწყება გამოძიება და ხორციელდება ეფექტიანი საპროკურორო ზედამხედველობა, რაც სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების კვალიფიციური მხარდაჭერით სრულდება. საქართველოს პროკურატურის მიერ შემუშავებულ პროკურატურის განვითარების 6-წლიან სტრატეგიაში ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლას სპეციალური თავი მიეძღვნა, სადაც დეტალურად არის გაწერილი ღონისძიებები, რომლებიც უფრო ეფექტურს გახდის ტრეფიკიორების წინააღმდეგ ბრძოლას და დანაშაულის პრევენციას.

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, საქართველოს პროკურატურა სისტემატიურად ახორციელებს პროკურორების კვალიფიკაციის ამაღლებას და გადამზადებას. 2016 წელს გადამზადდა ტრეფიკინგის თემაზე მომუშავე ყველა პროკურორი. ასევე, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზე ტრენინგი ჩაუტარდა პროკურატურის სისტემაში მიღებულ ყველა სტაჟიორ-პროკურორს. პროკურორების გადამზადება დაგეგმილია 2017 წელსაც. ასევე დაგეგმილია გამოძიების პროცესში საქართველოს პროკურატურის სისტემაში მომუშავე  მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორთა როლის და ფუნქციების გაზარდა, რაც დადებითად აისახება მსხვერპლთა უფლებების დაცვაზე.

საქართველოს პროკურატურა მადლობას უხდის საქართველოს იუსტიციის  სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ყველა იმ უწყებას და არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც პროკურატურასთან ერთად აქტიურად იბრძვიან ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ.

ანგარიშის მიხედვით ტრეფიკინგთან ეფექტიანი ბრძოლის კუთხით საქართველო ევროკავშირის ისეთი ქვეყნების გვერდითაა, როგორებიცაა საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ჩეხეთი, ესპანეთი, შვედეთი, პოლონეთი, ჰოლანდია, დანია, პორტუგალია და სხვა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მონიტორინგისა და პრევენციის ოფისის მეშვეობით, მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად აფასებს 188 სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მხრივ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასება ისეთ ძირითად კომპონენტებს ეფუძნება, როგორებიცაა სახელმწიფოს მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრევენცია, ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვა, დამნაშავეთა სისხლისსამართლებრივი დევნა და ტრეფიკინგის კუთხით პარტნიორობა მთავრობებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის.