ყურადღება! ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მიმართავს

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ავრცელებს. რეკომენდაციების უმეტესობა სახლში და სამუშაო ადგილებზე ტემპერატურის კონტროლს ეხება. განსაკუთრებული სიფრთხილისკენ სამინისტრო მცირეწლოვანთა მშობლებს და 60 წელს გადაცილებულ პირებს მოუწოდებს.

ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლოებას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში ქუჩაში გასვლისგან თავის შეკავებას ურჩევს. მაღალი ტემპერატურით გამოწვეული გართულებების თავიდან ასაცილებლად, ჯანდაცვის სამინისტრო დიდი რაოდენობით სითხის მიღების რეკომენდაციას იძლევა.

ჯანდაცვის სამინისტრო ქრონიკული დაავადების დიაგნოზის მქონე პაციენტებს ურჩევს წამლის დოზისა და მიღების ჯერადობის შესახებ აუცილებლად მიმართონ ექიმს.

სამინისტროს რეკომენდაციის მიხედვით, თუ შემჩნევთ, რომ ოჯახის რომელიმე წევრი, ან ნებისმიერი ადამიანის სხეული ცხელია, კანი გამომშრალი აქვს, ბოდავს, კრუნჩხვები აქვს ან დაკარგა გონება, სასწრაფოდ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა ან დაუკავშირდით ოჯახის ექიმს.

„სასწრაფო დახმარების მოსვლამდე დაზარალებული გადაიყვანეთ გრილ ადგილას, დააწვინეთ ჰორიზონტალურად, აუწიეთ ფეხები, გაუხსენით ტანსაცმელი. ტანი დაუზილეთ 25-30 C ტემპერატურის წყლით და გაუზომეთ სხეულის ტემპერატურა. გონება დაკარგული ადამიანი მოათავსეთ გვერდზე“, – წერია რეკომენდაციაში.