პრემიერი: ნარმანიამ არაერთ კრიტიკის ქარცეცხლს გაუძლო, ხშირად დაუმსახურებელს

პრემიერმა თბილისის მერს დავით ნარმანიას გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ნარმანიამ ბევრი “კრიტიკის ქარცეცხლს” გაუძლო. კვირიკაშვილი ამბობს, რომ დავით ნარმანია “ქართული ოცნების” გუნდის წევრად რჩება.

“ასევე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ დავით ნარმანიას. დავით ნარმანია ჩუმად და ბევრ საქმეს აკეთებდა და მან არაერთი კრიტიკის ქარცეცხლს გაუძლო, ხშირად დაუმსახურებელს,” – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა, რომ ის საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში ჩატარდება.

“ჩვენ მოწოდებული ვართ, ჩვენი ხელისუფლება, როგორც მთავრობა, პარლამენტი, რომ არჩევნები იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე, კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.