ბატონებო! გააგებინეთ მთელ სამყაროს-ოკუპაცია გრძელდება!

პარტია „რეფორმატორების“ ლიდერი ირაკლი ღლონტი საქართველოს ხელისუფლებას საჯაროდ მიმართავს:

-ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე!

ქართველი ხალხი არასდროს არ შეგუებია მტრის თავგასულობას და სწორედ ამის ნათელი დასტურია უკანასკნელ წლებში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ დვანში, დიცში, ღოღეთაში, ჯარიაშენში სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი, ქართველ ჟურნალისტთა არაერთი საპროტესტო აქცია ე.წ. ,,საზღვრებთან”, თუმცა, როგორც მოგეხსენებათ ვერ მივაღწიეთ პოზიტიურ შედეგს, პროტესტი დარჩა პროტესტად, მიტაცებული ტერიტორია კვლავ ოკუპირებულია.

დღეს, როგორც რიგითი მოქალაქე, ერთი ქართველი, მოგმართავთ თხოვნით, გვერდით გადადეთ ყველაფერი, მათ შორის წყენა და ერთად, მთავრობასთან და პარლამენტის დეპუტაციასთან ერთად ჩაბრძანდით სოფელ ბერშუეთში, მოიწვიეთ ყველა დიპლომატი, მოიწვიეთ ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია და მსოფლიო პრესის თანხლებით გამართეთ დიალოგი ცივილიზებულ სამყაროსთან ქვეყნის დეოკუპაციის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიზნით.

გთხოვთ, მსოფლიო პრესის საშუალებით ცხელ წერტილად აქციეთ სოფელი ბერშუეთი და გააგებინეთ მთელ სამყაროს, რომ ჩვენი დაუძინებელი მტერი განაგრძობს ქართველი ხალხის სისხლით მოპოვებული თავისუფლების და დემოკრატიის ხელყოფას, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის შელახვას.