“დღეს ენერგეტიკის სამინისტრო წარმატებულია და ვეცდები, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნო”

ენერგეტიკის ახალმა მინისტრმა ილია ელოშვილმა მედიასთან სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ სამინისტროში წარმატებული პროექტები გაგრძელდება.

“ჩემთვის დიდი პატივია ამ თანამდებობაზე წარდგენა. მადლობა პრემიერს, მადლობა კახას და ჩემს კოლეგებს”, – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.

“დღეს ენერგეტიკის სამინისტრო წარმატებულია და ვეცდები, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნო და განვავითარო ის მიღწევები, რომლებიც დღესდღეობით რეალურად არსებობს. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ყველა ჩვენი ნაბიჯი გადადგმული იქნება საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებისკენ. ამის ირგვლივ ვიტრიალებთ შემდეგი წლების განმავლობაში იმიტომ, რომ ჩვენი რეგიონი გეგორაფიულად ჩვენგან მოითხოვს მაქსიმალურ ძალისხმევას იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს არა მხოლოდ ენერგოუსაფრთხო და ენეგროდამოუკიდებელი, არამედ ასევე იყოს მზად ნებისმიერი გამოწვევისთვის.

ეს მიმართულებებია: დამატებითი გენერაციის წყაროებით განახლებად ენერგიაზე აქცენტირება, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტები, ენერგეტიკის ახალი კანონი და სხვა მიმართულებები, რომლებიც დარწმუნებული ვარ, ჩვენი ენერგეტიკის სფეროს წარმატებას და განვითარებას უზრურველყოფენ”,- განაცხადა ილია ელოშვილმა.